Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცერცვაძის თქმით, COVID-19-ის ექიმების პირველ შეხვედრაზე შეჯერდა დაავადებასთან ბრძოლის შედეგები


თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ის წინააღმდეგ მომუშავე ექიმების პირველი შეკრება გაიმართა. როგორც აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, შეხვედრა იყო ძალიან დროული და მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ შეჯერდა დაავადებასთან ბრძოლის შედეგები და გაიმართა დისკუსია დაავადების მიმდინარეობის თავისებურებასა და ქართულ გამოცდილებაზე:

„ძალიან დიდი იმედია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ თითოეული მისი მონაწილის ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროში გაიზარდა, რაც წარმატებით იქნება გამოყენებული ამ დაავადების მომავალ მართვაში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისი თქმით, შეხვედრაზე პლაქვენილის გამოყენების საკითხზე მსჯელობა არ გამართულა, თუმცა საკითხს შეეხნენ:

„იყო საუბარი ამ ბოლო დროს პოპულარულად გამხდარ პლაქვენილთან დაკავშირებით, რომელიც ქართულ პროტოკოლში შედის, შედიოდა და რჩება ოფიციალურად. ოღონდ რჩება ისე, როგორც იქ წერია და არა ისე, როგორც ზოგიერთები მის ინტერპრეტაციას აკეთებენ. ის უნდა დაენიშნოს საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს. სანამ ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების ადმინისტრაცია ოფიციალურად თვლის, რომ ეს მედიკამენტი უნდა იყოს პროტოკოლში, ის დარჩება პროტოკოლში, როგორც კი დაიდება რაიმე ახალი მედიკამენტის შესახებ მტკიცებულებები, რომ ის ამას სჯობია, ჩვენ მომენტალურად შევცვლით“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან.

მისი თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეკრებილმა ექიმებმა, ინფექციონისტებმა, რეანიმატოლოგებმა და სხვა პროფილის ექიმებმა განიხილეს მკურნალობის მიდგომებიც, რომლებსაც საქართველოში იყენებენ ცალკეული კლინიკები:

„იყო ბათუმის გამოცდილებაზე ლაპარაკი, რომლებმაც ოზონოთერაპია გამოიყენეს ამ დაავადების დროს და, წინასწარი მონაცემებით, ძალიან წარმატებით. მათ 4 პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და 3 პაციენტს ვირუსი გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობამ 25 აპრილის საღამოსთვის 139 შეადგინა. კოვიდ-19-ით ინფიცირება დადასტურებული აქვს 456 ადამიანს, გარდაცვლილია 5.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG