Accessibility links

Das Unheimliche: უცხო და ნაცნობი „დამზაფვრელის“ ისტორია


სალომე ასათიანის პოდკასტი

Direct link

"ასათიანის კუთხეში“ დღეს უჩვეულო ეპიზოდის მოსასმენად გეპატიჟებით. ეპიზოდის, რომელიც ეძღვნება არა რომელიმე კონკრეტულ ავტორს, წიგნსა თუ საკითხს, არამედ იდუმალ განცდას, მოუხელთებელ შეგრძნებას. ამ განცდას უწინარესად გერმანული სახელით იცნობენ - "Das Unheimliche" - და ამით აღნიშნავენ სპეციფიკურ შიშს, რომელსაც რაღაც გასაგების და ბუნდოვანის, მკაფიოს და იდუმალის, შენიანის და უცხოს უჩვეულო კომბინაცია აღძრავს. გერმანულიდან სხვა ენებზე თარგმნისას მისი შესატყვისის პოვნა რთულია ხოლმე. ასევეა ქართულშიც - რომელშიც ამ ცნებას ზუსტად არა, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ მაინც „დამზაფვრელი“ ესადაგება.

ნიკოლას როილი
ნიკოლას როილი

ეს გერმანული სახელი ამ შეგრძნებას ყველაზე მჭიდროდ დაუკავშირდა ზიგმუნდ ფროიდის მიერ 1919 წელს გამოქვეყნებული, ამავე სახელწოდების ესეთი, რომელსაც დღეს უკვე საკულტო სტატუსი აქვს. Das Unheimliche, გვეუბნება ფროიდი ამ ესეში, მიეკუთვნება საშიშის, შემაშინებლის ისეთ განცდას, რომელსაც ყოველთვის რაღაც ნაცნობთან მივყავართ. მას შემდეგ ამ ცნების, თუ განცდის შესახებ კიდევ ძალიან ბევრი გამოკვლევა და წიგნი დაიწერა. ინგლისურენოვან აკადემიურ სამყაროში ალბათ ყველაზე მონუმენტური ნაშრომი - 2003 წელს გამოცემული მონოგრაფია, The Uncanny, ეკუთვნის სასექსის უნივერსიტეტის ლიტერატურის პროფესორს, ნიკოლას როილს, რომელიც პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია.

დამზაფვრელი, როგორც ფენომენი და განცდა, სიჩუმის, მარტოობის და სიბნელის მერყევ მომენტებში ჩნდებაო, წერს როილი თავისი წიგნის შესავალში. „ეს არის ნაცნობის და უცნობის უცნაური ნაზავი. ის შეიძლება გაჩნდეს რაღაც ნაცნობთან შეხებისას უცხო და უცნაურ ვითარებაში, ან რაღაც უცნაურთან და უცხოსთან უეცარი შეხვედრისას ნაცნობ, შინაურ სიტუაციაში. ... დამზაფვრელობის განცდა შეიძლება აღიძრას უცნაური დამთხვევებითაც - უეცარი შეგრძნებით, რომ რაღაც ასე უნდა მომხდარიყო, რომ რაღაც, რაც ხდება, ბედისწერითაა განპირობებული“.

ნიკოლას როილის წიგნის ყდა
ნიკოლას როილის წიგნის ყდა

დამზაფვრელი ზოგჯერ აღიძრება შეგრძნებით, რომ სამყარო რაღაც ნიშნებს გვიგზავნის - მაგალითად, როცა დღეში რამდენჯერმე, სხვადასხვა სიტუაციაში, ერთსა და იმავე ციფრებს ვაწყდებით, ავტობუსის ბილეთზე, ბანკის რიგის ტაბლოზე, თუ სხვაგან. ის შეიძლება გაჩნდეს თოჯინებზე, ან ცოცხალი არსებების მსგავს სხვა მექანიკურ საგნებზე რეაქციის სახით. დამზაფვრელი უკავშირდება სარკეებს, ანარეკლებს, ორეულებს - „არაფერია იმაზე დამზაფვრელი, ვიდრე მთვარის შუქზე შენი სახის შემთხვევით დანახვა სარკეშიო“, წერდა ჰაინრიხ ჰაინე. დამზაფვრელი, როგორც განცდა, შეიძლება დაკავშირებული იყოს რაღაც შემზარავთან და საზარელთან, სიკვდილთან და გვამებთან. მაგრამ ის, ასევე, შეიძლება მიემართებოდეს უცნაურად ლამაზს, ექსტაზთან მიახლოებულს - განცდას, რომ რაღაც ზედმეტად მშვენიერია საიმისოდ, რომ ნამდვილი იყოს, ან დეჟა ვუს - იდუმალ შეგრძნებას, რომ ახლა რაც ხდება, ოდესღაც უკვე იყო, რომ ამ მომენტს, ამ რეალობას ორეული ჰყავს.

ამ სპეციფიკური შიშის მთავარი მახასიათებელი კი არის ის, რომ მას კონკრეტული ისტორიული კონტექსტი აქვს. Das Unheimliche, დამზაფვრელი, დიდწილად ამოზრდილია განამათლებლობისშემდგომი ეპოქიდან, თანამედროვე ცხოვრებიდან, რომელშიც სიმყარის, დაცულობის და სიმყუდროვის განცდა მერყევია და მუდმივად წარმავალი. და რომელშიც, სეკულარიზაციის კომპლექსური პროცესების შედეგად, მეტაფიზიკურის, ზებუნებრივის, მიღმიურის, ტრანსცენდენტულის მიმართ ჩვენი ინტუიცია - რომელიც არსად არ გამქრალა - უწინდელივით უპრობლემოდ ვეღარ უკავშირდება „ღმერთის“ იდეას.

„დამზაფვრელი“ დიდწილად მეთვრამეტე საუკუნემ შექმნაო - წერს ამერიკელი ლიტერატურის კრიტიკოსი, ტერი კასლი, თავის მნიშვნელოვან წიგნში მეთვრამეტე საუკუნის ლიტერატურის შესახებ. და განაგრძობს: „იმ ფსიქოლოგიურმა და კულტურმა ტრანსფორმაციამ, რომლისთვისაც ამ პერიოდს ადიდებენ ხოლმე და, მისი აგრესიულად რაციონალისტური იმპერატივების გამო, მას გონების, თუ განმანათლებლობის ეპოქად მიიჩნევენ, ტოქსიკური გვერდითი მოვლენის სახით ასევე წარმოშვა უცხოობის, შფოთის, დაბნეულობის და ინტელექტუალური ჩიხის ახალი ადამიანური გამოცდილება. ... რაც უფრო მეტად ველტვით განმანათლებლობას, ჩვენი სამყარო ჩვენთვის მით უფრო გამაუცხოებელი ხდება; რაც უფრო ძლიერად ვცდილობთ საკუთარი თავის გათავისუფლებას ცრურწმენების, იდუმალების და ჯადოქრობის ხლართებიდან, მით უფრო ინტენსიურად შევიგრძნობთ რეალობის 'დამზაფვრელობას'".

ასათიანის კუთხე

ასათიანის კუთხე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00
სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.

და ალბათ სწორედ ამიტომაც - წერს ნიკოლას როილი - დამზაფვრელი, როგორც განცდა თუ ფენომენი, სულ მცირე მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდიდან, ერთ-ერთ ცენტრალურ თემად იქცა დასავლეთის კრიტიკული, ლიტერატურული, ფილოსოფიური და პოლიტიკური აზროვნებისთვის -კარლ მარქსიდან და ფრიდრიხ ნიცშედან ზიგმუნდ ფროიდამდე, მარტინ ჰაიდეგერამდე, ჟაკ დერიდამდე. დამზაფვრელის, გაუცხოვების, ჩვეულის უჩვეულოდ გადაქცევის ხაზი უწყვეტად გასდევს თანამედროვე ხელოვნებასაც - ბერტოლდ ბრეხტიდან რუსულ ფორმალიზმამდე, ფრანც კაფკადან სიურრეალისტებამდე.

ჩვენი სტუმარი, ნიკოლას როილი, ხაზგასმით გვიმეორებს, რომ „დამზაფვრელი“, ერთიანი და მყარი ფორმით, ლიტერატურაში, კინოში, ფოტოებში არ გვხვდება. ეს განცდა ყოველთვის სუბიექტურია, ის ტექსტებთან ჩვენი შეხებისას ჩნდება. თუმცა, ზოგიერთი ავტორი - ედგარ ალან პო, ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი, დევიდ ლინჩი - ამ განცდას განსაკუთრებული სიმძაფრით ეხმიანება. ეს ალბათ იმიტომ, გვეუბნება ნიკოლას როილი, რომ მათ გამორჩეული სიღრმით ესმით ჩვენი სიზმრების სამყარო, სადაც ნაცნობს და უცხოს, ჩვეულსა და უჩვეულოს შორის ზღვარი იმთავითვე მოშლილია და სადაც „დამზაფვრელი“ ყველაზე ინტენსიურად ბინადრობს. "სიზმრებში არის ის უდროობა, რომელზეც ფროიდი ლაპარაკობს - რომ არაცნობიერი უდროოა, დროის მიღმაა. სიზმრებში არ არსებობს ურთიერთგამომრიცხაობა, არაცნობიერს არ აქვს 'არა'. როგორც ფროიდი ამბობს, სიზმრებში ყველანი შეშლილები ვართ" - ამბობს ჩვენი პოდკასტის სტუმარი.

"დამზაფვრელის" ფოტოგრაფიაში საილუსტრაციოდ და, რაც ალბათ კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია, დასავლური კონტექსტების ჩვენთან უფრო ახლოს, საქართველოში გადმოსატანად, პოდკასტის ამ ეპიზოდს თან ერთვის ვიდეო, რომელიც ასახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფის, ანკა გუჯაბიძის პროექტს "სიკვდილი კოღოებს ზაფხულის დღეებში". ერთი შეხედვით ყოფით, ყოველდღიურ, ჩვეულებრივ სცენებში აქ ისეთი ინტენსივობით გამოსჭვივის სიზმრისეული, შემზარავი, კოშმარული განზომილება, რომ „დამზაფვრელი“, როგორც ცნებაც და როგორც განცდაც, მასში მწვავედ და აშკარად საგრძნობი ხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG