Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკა სოლოღაშვილი: აგრესიულ ტესტირებას აქვს თავისი ჩვენება, თუ როდის უნდა ჩატარდეს


ბოჭორიშვილის კლინიკაში განმარტავენ, რომ მისმა სამედიცინო პერსონალმა დააფიქსირა გარკვეული მოსაზრება ანტისხეულის სწრაფი ტესტების 50%-იანი სანდოობის შესახებ და არა PCR ანუ ე.წ. ოქროს ტესტირებაზე.

ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა უთხრა მედიას, რომელიც ტესტირების მიმართ გამოთქმული ეჭვით დაინტერესდა.

რაც შეეხება PCR ტესტებს, სოლოღაშვილის ინფორმაციით, პასუხებს, ძირითადად, „ლუგარის ლაბორატორიიდან“ იღებენ: „ჩვენ მისი გადამოწმების არანაირი სხვა საშუალება არ გვაქვს. თუმცა, რაიმე ისეთი კლინიკური ეჭვი, რომ არ ვენდოთ, ამ ეტაპზე არ გვქონია“.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმითაც, ანტისხეულების სწრაფი ტესტირების სუსტი მხარეა ცრუ უარყოფითი შედეგის მაღალი ალბათობა, ხოლო PCR ტესტირების მეთოდი განიხილება, როგორც ოქროს სტანდარტი COVID-19-ის დიაგნოსტიკაში.

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს დღეს მედიამ ჰკითხა გავრცელებულ ვერსიაზეც, რომ საქართველოში ე.წ. აგრესიულ ტესტირებას ნაკლებად ატარებენ, რათა ინფიცირებულთა სტატისტიკა არ გაიზარდოს.

მაკა სოლოღაშვილის თქმით, აგრესიულ ტესტირებას აქვს თავისი ჩვენება, თუ როდის უნდა ჩატარდეს: „აგრესიული ტესტირებით ვერ ჩამოივლი მოსახლეობაში და ვერ გააკეთებ. აგრესიული ტესტირებას აქვს კონკრეტულად ჩაკეტილი კლასტერები, მედპერსონალი და თავისი რისკჯგუფები, სადაც უნდა ჩატარდეს. ამიტომ კარგად უნდა გავაკეთოთ დიფერენცირება, რაზეა საუბარი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG