Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: წელს ავღანეთში დაიღუპა 500-ზე მეტი სამოქალაქო პირი, მათ შორის, ბევრი ბავშვი


მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ავღანეთში ბრძოლას შეეწირა 500-ზე მეტი სამოქალაქო პირი, მათგან ორი მესამედი ბავშვი, დაიჭრა 760 ადამიანი, - იუწყება გაერო 27 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში და ამბობს, რომ ამ ქვეყანაში აუცილებელია გაძლიერდეს მოქალაქეთა დაცვის მექანიზმები, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიისგანაც.

ავღანეთში გაეროს მისიის (UNAMA) მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში დაღუპულებს შორის 152 ბავშვი და 60 ქალია. მსხვერპლის დიდი ნაწილი მოდის გასულ თვეზე, მიუხედავად იმედებისა, რომ მთავრობა და თალიბანი შეძლებდნენ კონფლიქტის გადაწყვეტის გზების გამონახვას, - ვკითხულობთ გაეროს ანგარიშში.

ამავე მონაცემებით, ამ პერიოდში მთლიანი მსხვერპლის 55 პროცენტზე მეტი გამოიწვიეს ანტისამთავრობო ძალებმა, მათ შორის, თალიბანმა, ექსტრემისტულმა ჯგუფმა, "ისლამურმა სახელმწიფომ" და სხვა ჯგუფებმა. თუმცა, ბავშვებს შორის ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა ავღანეთის სამთავრობო ძალების და საერთაშორისო ჯარების მოქმედებას, - ვკითხულობთ ანგარიშში.

გაეროს ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი, ზალმაი ხალილზადი ტვიტერით წერდა, რომ კორონავირუსის კრიზისის დასრულებამდე თალიბანმა უნდა "შეამციროს ძალადობა" და "შეწყვიტოს შეტევითი ოპერაციები".

XS
SM
MD
LG