Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენა 9 მილიონამდე ადამიანს ემუქრება


ალექსეი კუდრინი
ალექსეი კუდრინი

რუსეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარე, ალექსეი კუდრინი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთში შესაძლოა 7-8%-მდე, ხოლო უარეს შემთხვევაში 10%-მდე გაიზარდოს უმუშევრობა. გაზეთ „კომერსანტის“ გამოთვლით, ეს შეეხება 6-დან 9 მილიონ ადამიანს.

უფრო ადრე კუდრინმა განაცხადა, რომ კორონავირუსით გამოწვეული უმუშევრობა ბევრი მოქალაქისათვის წლის ბოლომდე გაგრძელდება. დღეისთვის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის თქმით, რუსეთში დარეგისტრირებულია 1%-ზე ნაკლები უმუშევარი. ეს იმ დროს, როდესაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკით, რუსეთში უმუშევრობა 4,5%-ს შეადგენს.

კუდრინი მიიჩნევს, რომ 2020 წელს რუსეთის ეკონომიკა 6-8%-ით შემცირდება. იგი გამოდის წინადადებით, რომ დროებით გაიზარდოს მინიმალური შრომის ანაზღაურება, უმუშევრობის შემწეობა და დოტაცია მიეცეს ბიზნესს ხელფასების გადასახდელად, რასაც დაახლოებით 1-დან 3 ტრილიონ რუბლამდე თანხა დასჭირდება.

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულია, სულ ცოტა, 93500 ადამიანი, გარდაიცვალა 867 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG