Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოლის მიმართ ძალადობის და მუქარის მუხლით საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს ბრალი წარუდგინეს


საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ცოლის მიმართ ძალადობის და მუქარის ფაქტზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დავით ცინარიძეს ბრალი ორი მუხლით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით) წარუდგინეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ ცოლს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

სამართალდამცველებმა ცინარიძე შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, გამოიკითხნენ მოწმეები, ამოღებულ იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, დაინიშნა ექსპერტიზები“, - აცხადებს პროკურატურა.

ბრალდების მხარემ 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულ დავით ცინარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხზე 2020 წლის 30 აპრილს იმსჯელებს.

დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს (შემდგომ ის სხვა თანამდებობებს იკავებდა), რაც 2015 წელს ინტერნეტსივრცეში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვიდეო გაავრცელა, რომელიც, სავარაუდოდ, პატრულის ვიდეოკამერით არის გადაღებული. მასში ჩანს, თუ როგორ მოიხსენიებს მძღოლი უცენზურო სიტყვებით პატრულის თანამშრომელს, შემდეგ კი, მისივე სიტყვებით, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს, დავით ცინარიძეს, უკავშირდება, რის შემდეგაც მოქალაქეს პატრული ჯარიმის გამოუწერლად უშვებს. საპატრულო ეკიპაჟის მიერ გადაღებული კადრები ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ წარუდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG