Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურნავა: ვმუშაობთ, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა ტურიზმის მსოფლიო ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობს იმისთვის, რათა მკაცრი გაიდლაინების დანერგვის პირობებში საქართველოს ტურისტული ბაზარი იყოს უსაფრთხო და ერთ-ერთი პირველი, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება. მინისტრის თანახმად, ეს შესაძლებელი იქნება სათანადო კონტროლის შემთხვევაში.

საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართული ონლაინ-შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ტურისტულ ინდუსტრიას სჭირდება დრო, სანამ ისეთივე მომგებიანი და მიმზიდველი გახდება, როგორც კრიზისამდე იყო და შესაბამისად მუშაობა ამ მიმართულებითაც დაწყებულია:

„დღეს ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის მხარდაჭერის პროგრამაზე, რომელიც მოიცავს როგორც ახლა განსახორციელებელ ანტიკრიზისულ ზომებს, ასევე სამომავლო სტიმულირების ინსტრუმენტებსაც,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე უკვე საკმარისი აღარ არის ის შეღავათები და პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო მიმართავს.

ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ ტურისულ ბიზნესს შეღავათების გარკვეული პაკეტი კრიზისის პირველ ეტაპზევე შესთავაზა. მათ შორის, დაახლოებით 18 000 კომპანიას შეეძლო ესარგებლა ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გადავადებით 4 თვის განმავლობაში, სესხის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში შეეძლოთ ასევე მცირე ზომის სასტუმროებს და სხვა.

ამ ეტაპზე რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ქვეყანა უცხოეთის მოქალაქეებისთვის ჩაკეტილია. გარდა ამისა, შეწყვეტილია ფრენები, რომლის აღდგენის სავარაუდო თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.

საქართველოში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

მთავრობამ 24 აპრილს საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების მოხსნის 6-ეტაპიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. ქვეყანა სწორედ ამ გზით გეგმავს კორონავირუსის პანდემიის პირობებში საფრთხის შემცირებისთვის დაწესებული შეზღუდვები მოხსნას.

30 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების საერთო ჯამში 539 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ​178 გამოჯანმრთელებულია. 6 გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG