Accessibility links

100 წელი შეუსრულდა ბრიტანელ ვეტერანს, რომელმაც $ 37 მილიონი შეაგროვა ექიმების დასახმარებლად


ტომ მური მედლით ხელში

მეორე მსოფლიო ომის ბრიტანელ ვეტერან, ტომ მურს, რომელმაც ჯანდაცვის მუშაკების დასახმარებლად სულ მცირე 37 მილიონ დოლარამდე შემოწირულებები მოაგროვა საკუთარ ბაღში სიარულით, დღეს 100 წელი შეუსრულდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ბრიტანეთის არმიის კაპიტანი ტომ მური ინდოეთში, მიანმარსა და ინდონეზიაში მსახურობდა.

საუკუნოვან იუბილეზე ვეტერანმა კაპიტანმა 125 ათასზე მეტი მისალოცი ბარათი მიიღო მთელი მსოფლიოდან. წინა დღით მას გადაეცა იორკშის პოლკის საპატიო მედალი. ტომ მურის პატივსაცემად მისი საცხოვრებელი სახლის თავზე გადაიფრენს ბრიტანული სამეფო სამხედრო-საავიაციო ძალების ორი თვითმფრინავი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კი ბრიტანელებს, ხანდაზმული ომის ვეტერანის მსგავსი სიმტკიცესაკენ მოუწოდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მეორე მსოფლიო ომის ბრიტანელმა ვეტერანმა, ტომ მურმა, 17 აპრილიდან დღემდე შემოწირულებების სახით $37 მილიონი დოლარი შეაგროვა მას შემდეგ, რაც 99 წლის კაპიტანმა საკუთარ ბაღს 100-ჯერ შემოარტყა წრე.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი თავდაპირველად გეგმავდა მხოლოდ 1250 $-ის შეგროვებას კრონავირუსის პანდემიის წინაააღმდეგ მებრძოლი ჯანდაცვის ეროვნული სისტემის მუშაკების დასახმარებლად. მაგრამ შემოწირულობამ სწრაფად იწყო ზრდა მას შემდეგ, რაც ბრიტანელი ოფიცრის საქველმოქმედო ინიციატივაში თავისი წვლილი სულ ცოტა 800 ათასმა ადამიანმა შეიტანა.

„ბოლო მსოფლიო ომში ფრონტის ხაზზე ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. ახლა კი ჩვენი არმია, უნიფორმებში მყოფი ჩვენი ექიმები და მედდები არიან“, - განაცხადა ბრიტანელმა ვეტერანმა და, „ამასაც გადავიტანთო,“ - დასძინა.

ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთში 166 ათასს გადააჭარბა კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ. გარდაიცვალა 26166 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG