Accessibility links

რუის-ურბნისის ეპარქია: ბრალდებული იღუმენი დავით კობახიძე მონასტრის რიგითი წევრია


რუსისა და ურბნისის ეპარქია აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული სასულიერო პირი მონასტრის არა წინამძღვარი, არამედ რიგითი წევრია. ეპარქია აცხადებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მედიასა და საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

"იღუმენი დავითი (კობაიძე) არასოდეს არ ყოფილა და არც დღეისათვის არ არის, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი. არამედ, იგი მონასტრის რიგითი წევრია; ხოლო ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არის ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ეპარქია განმარტავს, რომ ინციდენტი არც ყინწვისის ტერიტორიაზე და არც რუის-ურბნისის ეპარქიაში არ მომხდარა.

რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, 19 აპრილს, აღდგომის დღეს, რუის-ურბნისის ეპარქიის სასულიერო პირები სადღესასწაულო ტრაპეზზე ერთად შეიკრიბნენ. თავიდან ყველაფერი თითქოს მშვიდად მიდიოდა, მაგრამ რამდენიმე ჭიქის შემდეგ მამა დავითმა (აქიაშვილი, საერო სახელი კობა კობაიძე), ერთ-ერთ სასულიერო პირს დამცირება და დაცინვა დაუწყო. ეს ვერ აიტანა კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბამ (ჟღენტი), და მამა დავითს რამდენჯერმე შენიშვნა მისცა. იმ დღით მათ შორის კონფლიქტი სიტყვიერ შელაპარაკებას არ გასცდენია. მეორე დღეს არქიმანდრიტი საბა რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად ერთ-ერთ სოფელში სტუმრად წავიდა. საღამოს ყინწვისისკენ საკუთარი მანქანით ბრუნდებოდა, როცა სოფლების რიეთი-ღვლევის გზაზე ცეცხლი გაუხსნეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ სასულიერო პირს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ამ საქმეზე ბრალდებულ სასულიერო პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გუშინ, 29 აპრილს შეეფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG