Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს


განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისსაქმეზე დაკავებულ სასულიერო პირს გორის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი დავით აქიაშვილი (საერო სახელი კობა კობაიძე) სამართალდამცავებმა 27 აპრილს დააკავეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გოგა კუპრეიშვილმა, დისტანციურ სხდომაზე გამოაცხადა. პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი კობა კობაიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

კობა კობაიძეს ბრალი ოფიციალურად 28 აპრილსწაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 20 აპრილს გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება დაზარალებულად არქიმანდრიტ საბას (ჟღენტი) მიიჩნევს.

დაკავებული სასულიერო პირი დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის, განცხადებით, საქმის მასალებში არც ცეცხლსასროლი იარაღია ამოღებული და არც მოწმეები არიან.

„მთელ რიგ საკითხებს, რაც ბრალდების მხარეს ჩვენ წინააღმდეგ აქვს გამოყენებული, არ ვეთანხმებით. არც ერთ ნაწილში არ ვეთანხმებით. აქ იარაღზეა საუბარი და არანაირი იარაღი არ არის გამოყენებული, ამოღებული. ესე იგი, არ არსებობს იარაღი. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, საქმეში პირდაპირი მოწმეებიც არ არსებობენ და მხოლოდ ირიბი მოწმეები არიან“, - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ გორის იზოლატორში ბრალდებულის მონახულების შემდეგ.

ადვოკატი ამბობს, რომ აუცილებლად მოითხოვს საგამოძიებო ექსპერიმენტს საქმის მოწმის მონაწილეობით.

"დაცვის მხარე აპირებს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატაროს. რამდენად რეალურს საუბრობს ეს მოწმე, როგორ შეძლებდა ის ფაქტობრივად დაენახა, რომ ჯერ ვიღაც პირი იყო და მერე ვინც იარაღი ისროლა, მამა დავითი იყო. ეს არის აბსურდი და სხვა არაფერი. არც ერთი ფაქტობრივი გარემოებით არ დასტურდება მამა დავითის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და რომ რაიმე ფორმით კონფლიქტი ჰქონოდა მამა დავითს სასულიერო პირებთან, მით უმეტეს, მამა საბასთან. შეგნებულად ხორციელდება ეკლესიის დისკრედიტაცია", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, 19 აპრილს, აღდგომის დღეს, რუის-ურბნისის ეპარქიის სასულიერო პირები სადღესასწაულო ტრაპეზზე ერთად შეიკრიბნენ. თავიდან ყველაფერი თითქოს მშვიდად მიდიოდა, მაგრამ რამდენიმე ჭიქის შემდეგ ყინწვისის ტაძრის წინამძღვარმა, მამა დავითმა (აქიაშვილი. საერო სახელი კობა კობაიძე), ერთ-ერთ სასულიერო პირს დამცირება და დაცინვა დაუწყო. ეს ვერ აიტანა კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბამ (ჟღენტი), და მამა დავითს რამდენჯერმე შენიშვნა მისცა. იმ დღით მათ შორის კონფლიქტი სიტყვიერ შელაპარაკებას არ გასცდენია. როგორც წყაროები გვეუბნებიან, იმ დროს მათთან ერთად რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობიც (აქიაშვილი) იმყოფებოდა და სწორედ მან განმუხტა სიტუაცია.

მეორე დღეს არქიმანდრიტი საბა რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად ერთ-ერთ სოფელში სტუმრად წავიდა. საღამოს ყინწვისისკენ საკუთარი მანქანით ბრუნდებოდა, როცა სოფლების რიეთი-ღვლევის გზაზე ცეცხლი გაუხსნეს. ამ სურათის აღდგენაში რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი სასულიერო პირი დაეხმარა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა. სროლისა და საბა ჟღენტის მხარში დაჭრის შესახებ ინფორმაცია მედიამ 22 აპრილს მიიღო. სასულიერო პირის დაჭრის ფაქტს მაშინვე უარყოფდა ეპარქიის ბერების ნაწილი, თავად დაზარალებული და ეპარქიის ხელმძღვანელიც, სამართალდამცავები კი ამ დროს უკვე იძიებდნენ მომხდარ შემთხვევას. დაიკითხა რიეთისა და ღვლევის მოსახლეობა, ჩხრეკა ჩატარდა ყინწვისის მონასტერსა და ქარელში - იქ, სადაც მამა დავითი ცხოვრობდა.

რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, დაცხრილული მანქანიდან პოლიციელებმა 7 ტყვია ამოიღეს და თავადაც გაკვირვებულები იყვნენ, იქ ადამიანები ცოცხლები როგორ გადარჩნენო. ვიდრე პოლიცია საქმეს გახსნილად გამოაცხადებდა, ეპარქიის სასულიერო პირებმა უკვე იცოდნენ, რომ ცეცხლი მამა დავითმა გახსნა, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყინწვისში აღარ გამოჩენილა. მონასტრის ბერების ერთი ნაწილი კი ჟურნალისტებს დღემდე არწმუნებს, რომ არაფერი იციან მომხდარზე, თუმცა მონასტრიდან გამოტანილი ამბებიდან ირკვევა, რომ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არ ლაპარაკობენ. კონფიდენციალური წყარო იმასაც განმარტავს, რომ თავდასხმის დროს დავითი მარტო არ იყო და საერო პირები ჰყავდა თანამზრახველებად, თუმცა პოლიციას მხოლოდ ის ჰყავს დაკავებული. დავით აქიაშვილის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია 27 აპრილს გაავრცელა.

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ სასულიერო პირს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

გორის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 22 ივნისს დაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG