Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმუშევრობის შემწეობის შემთხვევაში, არაფორმალურად დასაქმებულები მოწყვლად ჯგუფში არ აღმოჩნდებოდნენ


ირაკლი პეტრიაშვილი
ირაკლი პეტრიაშვილი

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის შეფასებით, საქართველოში უმუშევრობის შემწეობა და შრომის წიგნაკები რომ ყოფილიყო, პანდემიის პირობებში არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანები მოწყვლად ჯგუფად არ დარჩებოდნენ. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ეს ადამიანები მიიღებდნენ მართალია მცირე და არაადეკვატურ, მაგრამ მაინც დახმარებას:

„არაადეკვატურს იმიტომ, რომ მინიმალური ხელფასის გამოთვლის წესი და საარსებო მინიმუმის გამოთვლის წესი არ გახლავთ ლოგიკური და ამ ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს მინიმალური ხელფასი“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. მისი თქმით, მშრომელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული პრობლემები პირობითად პანდემიამდელ და პანდემიის შემდგომ პერიოდებად უნდა დაიყოს. პანდემიის შემდგომ ყველაზე მწვავე გამოწვევად ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს ეკონომიკურ ვარდნას, რომელიც, მისი თქმით, ცუდად აისახება დასაქმების სექტორზე.

„ყველაზე კარგი პროგნოზითაც კი, ეს გახლავთ 4% ეკონომიკური ვარდნა, რომელიც, საბოლოო ჯამში, ძალიან ცუდად აისახება დასაქმების სხვადასხვა სექტორზე... ევროპის მასშტაბით 50 მილიონი სამუშაო ადგილის შემცირება მოხდება, რომელიც ბევრად უფრო აღემატება 2008-2009 წლის ფინანსურ კრიზისს და ყველაზე მთავარი ის არის, რომ პროგნოზიც კი არა არსებობს, როდის გავალთ ამ პანდემიის პერიოდიდან“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია სოლიდარობა და არა კორპორატიული სიხარბე, რასაც დამსაქმებლები იჩენენ.

პირველი მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემები და ფოტოგამოფენა წარმოადგინა და პანდემიისა და კარანტინის პირობებში შექმნილ პრობლემებზე, კრიზისულ ვითარებაზე, უმუშევრობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა.

საქართველოში მშრომელთა უფლებადამცველები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად შრომის უსაფრთხოების დაცვას მიიჩნევენ და წლებია, სახელმწიფოსგან ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG