Accessibility links

site logo site logo

TDI: ეპიდემიოლოგების რიტორიკა საზოგადოებაში ქსენოფობიურ განწყობებს აღვივებს


მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ეპიდემიოლოგებმა თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი და შეუწყნარებლობის მაპროვოცირებელი განცხადებების გავრცელებისგან. მსგავსი რიტორიკა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სტიგმატიზაციას და საზოგადოებაში ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს - ნათქვამია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI)“ მიერ 3 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

ინსტიტუტი ეხმიანება 1 მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტს, როდესაც მოსახლეობა პოლიციას და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაუპირისპირდა და მომდევნო დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის გაკეთებულ განცხადებას, რომ მუშევანში "ჩვენ მოგვცეს ინფორმაცია, თითქოს იმათი მოლა და მუფთი თამაშობს ცუდ როლს". მოგიანებით ადგილობრივმა სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ ამ ინციდენტთან კავშირი არ ჰქონია და მისთვის გაუგებარი იყო, რაში ადანაშაულებდნენ. თავად ამირან გამყრელიძემ კი განმარტა, რომ ის გულისხმობდა საჭიროებას, რელიგიური ლიდერები მეტად დაეხმარონ ეთნიკურ უმცირესობებთან საგანმანათლებლო და განმარტებით მუშაობაში და თქვა: “ბოდიშის მოხდა არ მიჭირს არასდროს და შემიძლია მოვიხადო კიდეც, თუ ასეთი რამე წამომცდა იქ. თუ ეს ფრაზა ჩემ მიერ იქნა გამოყენებული, ბოდიშს ვიხდი ამისთვის“.

TDI აღნიშნავს, რომ 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადებისთანავე, გამძაფრდა სიძულვილის ენა და ქსენოფობია ქვემო ქართლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას გაატაროს ინკლუზიაზე, თანასწორობასა და ინტეგრაციაზე დაფუძნებული პოლიტიკა. ეპიდემიოლოგებს კი მამართავს, თავი შეიკავონ შეუწყნარებლობის მაპროვოცირებელი განცხადებების გავრცელებისგან.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მუსლიმმა სასულიერო პირებმა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და მთელი საქართველოს მასშტაბით უარი თქვეს სამლოცველოებში შეკრებაზე, მოუწოდეს მოსახლეობას სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ და სოციალურად დაუცველ ადამიანებს დახმარება შესთავაზეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG