Accessibility links

სულ ცოტა, 15 ქართული მაუწყებელი ერთი წუთით ეთერს გათიშავს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად


სულ ცოტა, 15 ეროვნული და რეგიონული მაუწყებელი 3 მაისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად ერთი წუთით ეთერს გათიშავს. 19:00 საათზე ეკრანებზე გამოჩნდება წარწერა „სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს“. ინფორმაციას ამის შესახებ „მედიაჩეკერი“ ავრცელებს.

აქცია მედიაკოალიციის ორგანიზებით ხორციელდება და მისი მიზანი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის სოლიდარობის გამოხატვასთან ერთად საზოგადოებისთვის აჭარის მაუწყებელში განვითარებული მოვლენების შეხსენებაა.

მედიაკოალიციის წევრი და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ „ეს არის მოკლე ჟესტი, ერთად გამოვხატავთ სოლიდარობას ჩვენი კოლეგების მიმართ. მგონია, მსგავსი მხარდაჭერა იდივიდუალურადაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც რჩებიან ამ დრომდე აჭარის მაუწყებელში. თუმცა, ეს არ არის გზავნილი მხოლოდ მაუწყებელში დარჩენილი ჟურნალისტებისთვის ან მათთვის, ვისაც ძალით დაატოვებინეს ტელევიზია, ეს არის ზოგადი გზავნილი, რომ დიახ, მედია არის სოლიდარული და ჩვენ არ გვეშლება შეფასება პროცესების“.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეურვეო საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაუწყებლის დირექტორად 2019 წლის ნოემბერში არჩეულმა გიორგი კოხრეიძემ ბოლო თვეებში ხელშეკრულების პირობები შეუცვალა სინფორმაციო სამსახურის არაერთ ხელმძღვანელს და თანამშრომელს, რასაც ჟურნალისტების ნაწილი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად აფასებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG