Accessibility links

ზაზა აბაშიძემ განმარტა სოფელ მუშევანში მომხდარ ფაქტზე საკუთარი კომენტარი


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ „ფეისბუკზე“ განმარტა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშავენში მომხდარი ფაქტის შესახებ დაწერილი საკუთარი კომენტარი.

„მეგობრებო, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა მიმოწერამ ჩემს მეგობრებთან, ამიტომ, უპირველესად, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას უცენზურო სიტყვების გამო. მაგრამ, თავს ვალდებულად ვრაცხ განვმარტო ჩემი პოზიცია:

ჩემი სიტყვები მუშევანის ამბებთან დაკავშირებით აიტაცეს ვაი-პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტების ნაწილმა და რეზულტატიც: ვარ მკვლელი, ფაშისტი, უვიცი, გაუნათლებელი მეცნიერუშკა, აგენტი და, რაც მთავარია ეროვნული შუღლის გამღვივებელი!

ეს ცილისწამებაა (თუმცა, ამის დამწერნი სხვას რას აკეთებენ!?).
არც ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა, არც ერთ ერზე ჩემს მეგობრებთან მიმოწერაში არ არის! პირიქით, აღნიშნულია, რომ ეს ეხება ყველას-აზერბაიჯანელს, ქართველს, რუსს - საქართველოს ყველა მოქალაქეს!

ყველას, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად არღვევს საგანგებო რეჟიმს და, ამით საფრთხეს უქმნის სხვას, იქცევა ვირუსის გამავრცელებლად და პრაქტიკულად მკვლელად! ზუსტად იგივეს დავწერდი, მსგავსი ფაქტი რომ მომხდარიყო საქართველოს ნებისმიერ კუთხესა თუ სოფელში.
აი, ჩემი კომენტარების შინაარსი მეგობრის სტატუსზე უცენზურო სიტყვების გარეშე!

რაც შეეხება აჟიოტაჟს, როგორც ჩანს ამ ვაი-პოლიტიკოსებს მართლა აღარაფერი აქვთ სათქმელი და ქართული ანდაზისა არ იყოს „მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლია“.

ასევე მოვუწოდებ ბოდიში მოიხადონ მათ, ვინც ჩემი სიტყვები ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობად წარმოაჩინა”, - წერს აბაშიძე.

საქმე ეხება ფაქტს, როდესაც სოფელ მუშევანში ადგილობრივებმა მედპერსონალს ხელი შეუშალეს ინფიცირებულების ჰოსპიტალიზების პროცესში. კერძოდ, ამ შემთხვევის შემდეგ ზაზა აბაშიძემ „ფეისბუკზე" დაწერა, რომ სოფლის მცხოვრებლები უნდა „ჩაკეტონ და ამოხოცონ“. ამ ფრაზას თან ერთვოდა გინება.

აღნიშნულ განცხადებას მოგვიანებით მოჰყვა ძალადობის მოწოდების შემცველი მეორე განცხადებაც.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიური გამონათქვამების გამო 4 მაისს ზაზა აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენება და კანონის შესაბამისად დასჯა „ევროპულმა საქართველომაც" მოითხოვა.

ქვემო ქართლის მცხოვრებთა მიმართ გამოქვეყნებულ სიძულვილის შემცველ კომენტარებს პლატფორმა „არა ფობიაც“ გამოეხმაურა. პლატფორმისათვის კატეგორიულად მიუღებელია ზაზა აბაშიძის კომენტარები, რომლებიც „არა ფობიას“ თანახმად, აღვივებს ეთნიკურ შუღლს და ხელს უწყობს ისედაც მოწყვლადი უმცირესობის საზოგადოებისგან უფრო მეტად გარიყვას.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გენერალურ პროკურორს მიმართა, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ზაზა აბაშიძის მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG