Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" მზადაა დაიწყოს მსჯელობა არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე


„ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოთქვამს გაიზიაროს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მოწოდება და დაიწყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, დისკუსია ფართო ჩართულობით ყველა შესაბამის საკითხზე უნდა გაიმართოს.

„როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ჩვენ დღეს არ ვიცით. შესაბამისად, გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი და ვფიქრობთ, რომ არანაირი საფრთხის ქვეშ არ დგას 31 ოქტომბერს არჩევნების ჩატარება, თუმცა რა თქმა უნდა, მსჯელობისთვის მზად ვართ.

რაც შეეხება ელექტრონულ კენჭისყრას, მეეჭვება, რომ ამისათვის მომზადდეს სათანადო ინფრასტრუქტურა 31 ოქტომბრამდე. რაც შეეხება სხვა მექანიზმებს, რომლითაც შეიძლება რისკების პრევენცია, ამაზე მსჯელობისთვის მზად ვართ და ალბათ, შედგება შესაბამის ფორმატში განხილვები.

თუ იქნება ასეთი მსჯელობა, აქ ჩართული იქნება როგორც ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ეს ისეთი საკითხია, რაზეც ღია მსჯელობა უნდა გაიმართოს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან ისაუბრა ასევე კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ვადების საკითხზე და აღნიშნა, რომ ცვლილებების განხილვა სავარაუდოდ ივლისის ბოლომდე დასრულდება:

„როგორც კი გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა, მაშინვე განახლდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი და იქიდან დაახლოებით ერთი თვე დაგვჭირდება იმისათვის, რომ კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დავასრულოთ. პრინციპში, დრო საკმარისია.

იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხებთ პანდემიის დაძლევას 22 მაისამდე, ანუ იქამდე, ვიდრე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ამ შემთხვევაში უკვე ივლისის ბოლოსთვის შეიძლება მთლიანად პროცესის დასრულება. თუ საჭირო გახდა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, არც ამ შემთხვევაში შეექმნება პრობლემა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. მაქსიმუმ ივლისში შევძლებთ, რომ პაკეტი მივიღოთ. აქედან გამომდინარე, პრობლემის ქვეშ არ დგას არჩევნების ახალი სისტემით ჩატარება 2020 წლის ოქტომბერში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურ პარტიებთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაიწყოს კონსულტაციები არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე.

"როგორც ჩანს, არჩევნებამდე დარჩენილი თვეების განმავლობაში პანდემიასთან ბრძოლა გაგრძელდება და არჩევნების დღესაც, მაღალი ალბათობით, ეპიდემიის შესაკავებლად საჭირო ყველა შეზღუდვა ვერ მოიხსნება. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ არსებული ბუნდოვანების გასაფანტად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას”, - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG