Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობა“ უარყოფს „ფეისბუკში“ ყალბი გვერდების მართვას


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ არც მართავდა, არც მართავს და არც მომავალში აპირებს ყალბი გვერდებით ოპერირებას. განცხადებაში, რომელიც პარტიამ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის ლიდერები არიან მსგავსი გვერდების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე.

„ჩვენთვის მსგავსი მეთოდებით პოლიტიკის კეთება მიუღებელია. მხარს დავუჭერთ ყველა რადიკალურ ღონისძიებას, რომელიც შეზღუდავს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელში. ნებისმიერი ასეთი გვერდი, მიუხედავად იმისა, რა პოზიციას იკავებს ამ გვერდის ადმინისტრატორი, უნდა გაუქმდეს“, - აღნიშნავს „ნაციონალური მოძრაობა“ და მიესალმება „ფეისბუკის“ ადმინისტრაციის მიერ ყალბი და არაიდენტიფიცირებადი გვერდების, ფეიკინფორმაციების გავრცელების აღკვეთის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიის უმთავრესი პრინციპია - საჯარო, გამჭვირვალე, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური აქტივობებით, სამართლიან არჩევნებში დაამარცხოს „ქართული ოცნება“:

„ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ საქართველოში ფეიკინფორმაციის და სიძულვილის გაღვივების წყაროები ლაშა ნაცვლიშვილის, კოკა ყანდიაშვილის და შალვა რამიშვილის ავტორობით, ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაცია და, მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ არიან“, - აღნიშნულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

2020 წლის აპრილის „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის შესახებ ანგარიშის“ თანახმად, ფეისბუკის ადმინისტრაციამ მედიაპლატფორმა „ესპერსონასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი გააუქმა.

საქართველოში მოქმედ მედიაპლატფორმა „ესერსონასთან“ მიმართებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებულ ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილის სახელს უკავშირდება, „ფეისბუკის“ ადმინისტრაციის დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაუქმებულია ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 122 ჯგუფი, ფეისბუკის 101 და ინსტაგრამის 56 ანგარიში. ხოლო თავად ორგანიზაცია „ესპერსონა“ უკვე აკრძალულია „ფეისბუკის“ პლატფორმაზე.

საქართველოსთან მიმართებით საეჭვო „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო „ფეისბუკის“ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ პოლიტიკურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკაშირებული ინდივიდუალური პირებიც. საბოლოო ჯამში, „ფეისბუკმა“ გააუქმა ენმ-სთან დაკავშირებული 23 ანგარიში, 80 გვერდი და 41 ჯგუფი და ასევე „ინსტაგრამის“ 9 ანგარიში.

„ფეისბუკის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამ შემთხვევაშიც ეს შეფასება „საქართველოში გაკეთებულ ადგილობრივ საჯარო ანგარიშს ეყრდნობოდა“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ კოკა ყანდიაშვილსა და მის მედიაორგანიზაციასთან კავშირი არ აქვს და ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის ყალბი ანგარიშებიც „ფეისბუკმა“ გააუქმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG