Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ სააკაშვილი რეფორმების საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ ოფიციალურად დანიშნა


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნულ საბჭოში, აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

„გულწრფელად ვულოცავ მიხეილ ნიკოლიზის ძეს ახალ, საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, მას შეუძლია ახალი იმპულსი შესძინოს რეფორმების ეროვნულ საბჭოს და დაეხმაროს ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხირციელებაში“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის პრეზიდენტმა ბრძანებულება დღეს, 7 მაისს გამოსცა, რომლითაც განსაზღვრულია აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილება. დოკუმენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარე წინასწარ განსაზღვრავს რეფორმების ეროვნული საბჭოს შეხვედრების გამართვის საკითხს და განიხილავს გარკვეულ სფეროებში გასატარებელ რეფორმებს. ამასთან, დაგეგმილი რეფორმებისთვის უზრუნველყოფს კომიტეტისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას. ის წარმოადგენს კომიტეტს უკრაინის პრეზიდენტის, სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, საწარმოების, დაწესებულებების, სხვა ორგანიზაციების მიერ შექმნილ სხვა დამხმარე ორგანოებთან თანამშრომლობით.

აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე რეფორმების ეროვნული საბჭოს სახელით წარმოადგენს რეფორმების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებებს აღმასრულებელ ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებრივ ასოციაციებთან და მედიასთან ურთიერთობაში. ის შეიმუშავებს წინადადებებს ეროვნული რეფორმების საბჭოს, კომიტეტის საქმიანობის გასაუმჯობესებლად და დადგენილი წესით წარუდგენს მათ უკრაინის პრეზიდენტს. თავმჯდომარე ქმნის სამუშაო ჯგუფებს განვითარებისათვის, რეფორმების ცალკეული მიმართულებების დეტალურად შესამუშავებლად, მას ევალება უკრაინაში რეფორმების გატარება და მისი ეფექტიანობის მონიტორინგი.

მიხეილ სააკაშვილი ერთხელ უკვე იყო უკრაინაში მსგავს თანამდებობაზე. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიწვევით, სააკაშვილი რეფორმების საერთაშორისო სათათბირო საბჭოს ხელმძღვანელობდა.

მიხეილ სააკაშვილმა 22 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა შესთავაზა რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა. მისივე განცხადებით, უკრაინის ვიცე-პრემიერად მის დანიშვნას სხვადასხვა ინტერესის მქონე ბევრი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ: „არასდროს მინახავს, რომ რომელიმე კანდიდატურას ასე განიხილავდნენ“.

სააკაშვილის დანიშვნას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციაშიც და საბოლოოდ ეს საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში არ დადგა.

უკრაინის მთავრობაში სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას საქართველოს ხელისუფლებისგან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ კონსულტაციისთვის კიევიდან ელჩს გაიწვევენ.

XS
SM
MD
LG