Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო, უკრაინაში საქართველოს ელჩს თბილისში გამოიძახებენ


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს არ განიხილავს, თუმცა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა კითხვებს იწვევს, რის გამოც უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

მინისტრის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისთვის თავდაპირველად შეთავაზებული თანამდებობის დონის დაწევა და მისი დანიშვნა ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ცხადყოფს უკრაინის პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების სკეპტიკურ დამოკიდებულებას მისი პერსონის მიმართ.

მისივე აზრით, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე იმოქმედა ასევე საქართველოს, როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის პოზიციამაც. მიუხედავად ამისა, დავით ზალკალიანი ამბობს, რო სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს.

დავით ზალკალიანის თანახმად, უკრაინაში საქართველოს ელჩის მონაწილეობით სხვა საკითხებთან ერთად უნდა განისაზღვროს, რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობაზე, მათ შორის ევროატლანტიკური კუთხით ერთობლივ ძალისხმევაზე ნეგატიურად არ იმოქმედოს:

„ეს გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი, რომელიც, ამ შემთხვევაში მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის საჭიროა ელჩთან კონსულტაციები.

მიუხედავად ამ დასანანი გადაწყვეტილებისა, ბუნებრივია, შემდგომ ნაბიჯად ჩვენ, რა თქმა უნდა არ განვიხილავთ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, რაც არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრულ სულისკვეთებას, ჩვენს საერთო სწრაფვას და მიზნებს”- განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისი კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნულ საბჭოში, აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილი ერთხელ უკვე იყო უკრაინაში მსგავს თანამდებობაზე. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიწვევით, სააკაშვილი რეფორმების საერთაშორისო სათათბირო საბჭოს ხელმძღვანელობდა.

მიხეილ სააკაშვილმა 22 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა შესთავაზა რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა. მისივე განცხადებით, უკრაინის ვიცე-პრემიერად მის დანიშვნას სხვადასხვა ინტერესის მქონე ბევრი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ: „არასდროს მინახავს, რომ რომელიმე კანდიდატურას ასე განიხილავდნენ“.

სააკაშვილის დანიშვნას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციაშიც და საბოლოოდ ეს საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში არ დადგა.

უკრაინის მთავრობაში სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას საქართველოს ხელისუფლებისგან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ კონსულტაციისთვის კიევიდან ელჩს გაიწვევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG