Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მემარცხენეობის კრიზისი: ჯეფ ბეზოსი, ოთხი ჭიათურელი მაღაროელი და დისტანცირებულობის შეგრძნება


ავტორი: ჟირონ ხუჯაძე

ნიკლას ლუმანი, ცნობილი გერმანელი სოციოლოგი და ფილოსოფოსი, თავის ერთ-ერთ ნაშრომში – “ეთიკა საერთაშორისო ურთიერთობებში” საუბრობს რა თანამედროვე საზოგადოებაში თავისუფლების მახასიათებლებზე, ამბობს: “თავისუფლება, ნაცვლად ძველი მნიშვნელობით პოლიტიკურად განმარტებისა, ახლა უკვე ფორმულირებულ იქნა ინდივიდებთან მიმართებაში და იძულების საწინააღმდეგო ცნებად. ინდივიდი, მიუხედავად მისი ნებისმიერი სოციალური მდგომარეობისა, თავისუფალია, თუ და რამდენადაც არ ხდება მისი იძულება. მოცემულ (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე სოციოლოგიური თვალსაზრისით სათუო) თავისუფლების ცნებაში არც მე-19 და არც თავად მე-20 საუკუნეს არაფერი შეუცვლია, რამდენადაც იდეოლოგიური უთანხმოება ლიბერალიზმსა და სოციალიზმს/კომუნიზმს შორის მხოლოდ იმ კითხვებით იყო დაკავებული, თუ სად და როგორ უნდა შეზღუდულიყო ეს თავისუფლება – კანონიერად, სახელმწიფოს მიერ დადგენილი მართლწესრიგით, თუ არალეგიტიმირებადი წესით – კაპიტალიზმის საწარმოო ურთიერთობების მეშვეობით.

საქართველოში, მოყოლებული 90-იანი წლებიდან, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, გატარებული ნეოლიბერალური პოლიტიკით, დერეგულაციური სამართლებრივი სივრცის ჩამოყალიბებით,“წინასგან” რადიკალურად განსხვავებული, ველურ კაპიტალიზმზე მორგებული, ინდივიდის (მოქალაქის) შექმნის სურვილით, ბებიებისა და ბაბუების, რომლებიც იყვნენ მთავარი აგრონომები თუ ინჟინრები ქარხნებში, სამუშაო ძალისა და ,ზოგადად, პიროვნების უარყოფით, სოციალიზმის სტალინურ რეპრესიებთან გაიგივებით, გაყინულ ანაბრებზე ქილიკით დიდი ვერაფერი მივიღეთ და, ვფიქრობ, ბევრი დროც დაიკარგა. ოცდაათი წლის განმავლობაში, სანატრელი პირობების შექმნის შემდეგაც კი (ბიზნესის კეთების სიმარტივის 2020 წლის რეიტინგში საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა), საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის აღქმა ბიზნესის მიერ არ აღმოჩნდა ისეთი, როგორადაც იყო ჩაფიქრებული. “ჯანსაღი კონკურენციის პირობებში” იგი მაინც არ გახდა, არსებითად “კეთილი”. ან, შესაძლოა, “კეთილის” მნიშვნელობა ჩვენ სხვანაირად გვესმის.

ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შელახვა საბჭოთა კავშირში ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მიუხედავად ამისა, დრო გადის და ჩვენ გვიწევს ახალ რეალობაში ცხოვრება. წარსულზე მუდმივად აპელირება დღევანდელობაში კეთილდღეობის შექმნის წინაპირობა არ არის.

წარმოვიდგინოთ, ძნელად წარმოსადგენი სიტუაცია : გვაქვს 5 ვაშლი და არსებობს 5 ადამიანი – ჯეფ ბეზოსი, მსოფლიოში უმდიდრესი კაცი და 4 ჭიათურელი მაღაროელი. გათვალისწინებით მათი გაწეული შრომისა, გონებრივისა თუ ფიზიკურისა, როგორი უნდა იყოს სქემა სამართლიანად ვაშლების გადანაწილებისა? ეკონომიკური მოდელი, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, ამაზე პასუხს მარტივად იძლევა.

ზემოთ ხსენებული ჯეფ ბეზოსი, რომელიც დღეის მონაცემებით ფლობს 117 მილიარდ დოლარს, არის 56 წლის. თუ დავუშვებთ იმას, რომ, მაგალითად, მან მუშაობა დაიწყო 20 წლის ასაკში, რის შემდეგაც გავიდა 36 წელი, გამოდის რომ, მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი წუთობრივი “ანაზღაურება” – შემოსავალი უდრის დაახლოებით 6 000 დოლარს.

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემათა აღწერა და მათზე სევდიანად საუბარი უფრო ადვილია, ვიდრე ალტერნატიული სქემებისა და მოდელების მოფიქრება და შეთავაზება საზოგადოებისათვის, მემარცხენე საჯარო სივრცემ უნდა გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები და მოიფიქროს ხალხამდე მისასვლელი გზა. სწორედ აქ ვაწყდებით მთავარ პრობლემას. “მემარცხენეობა” საქართველოში (ვგულისხმობ – კომუნისტებს, სოციალისტებს, მწვანეებს) გადაიქცა მხოლოდ აკადემიური ან ინტელექტუალური დისკურსის ნაწილად. იგი დისტანცირდა იმ ხალხისგან, რომელთან ბუნებრივი კავშირიც მისთვის საციცოცხლოა. პირველ რიგში, აღნიშნული ეხება “ენობრივ გათიშულობას” მემარცხენე ინტელექტუალებსა და “ხალხს” შორის. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ პრინციპები და მიზნები იყოს გამოკვეთილი და მარტივი, როგორიცაა საყოველთაო ჯანდაცვის უკეთესი პაკეტი და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, ერთ-ერთი მემარცხენე პლატფორმა – “წითელი კედელი” (რომელიც, ვფიქრობ, კარგ საქმეს აკეთებს თავისი პოდკასტებით) – საკუთარ ვებ-გვერდზე წერს ამგვარ რამეებს : “ცადე კონსიუმერიზმისგან დეტოქსი” ან “ელიავას ბაზრობის ხისა და რკინის ციხეებში ჩვენ დავკარგეთ შეგრძნება ბუნებრიობის”, ან “გენტრიფიკაცია ეწოდება პროცესს, როდესაც უბნებში დაბალშემოსავლიანი ადამიანები...” შესაძლოა, ეს ყველაფერი სასიამოვნოდ წასაკითხი იყოს, თუმცა იგი არ არის გასაგები იმისთვის, ვისაც მიემართება. იგი არ არის გასეგაბი ჭიათურელი მაღაროელისათვის. ეს ყველაფერი გავს “ვიტგენშტაინის ლომს” – ლუდვიგ ვიტგენშტაინს ეკუთვნის ცნობილი გამოთქმა : ლომს რომ საუბარი შეეძლოს, ჩვენ მას მაინც ვერ გავუგებდითო. რაშიც იგულისხმება ის, რომ იმდენად განსხვავებულია სამყაროს აღქმა ადამიანის და ლომის მიერ, იმდენად სხვანაირია მათთვის ბედნიერება, ტკივილი, სინანული, ჭამა, მოძრაობა, ფერები და ა.შ., რომ საერთო ენაც კი, გამოხატული საერთო სიტყვებით, აგებული ასოებით, ვერ შეძლებდა სწორად გაგებულიყო სიტყვებში მოქცეული აზრები.

ეს ყველაფერი ასევე გავს ამას : როჯერ სკრუტონი, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, კითხვაზე პასუხს, თუ რატომ ხდება ისე, რომ თანამედროვე ინტელექტუალი, უმეტესად სამეცნიერო წრეებისა თუ მედიის წარმომადგენელი, საკუთარ თავს აიგივებს, როგორც ლიბერალს და არა კონსერვატორს, ამგვარად პასუხობს : ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ ინტელექტუალებს (ან, არიან კიდეც), ასევე უნდათ, რომ ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი წარმოადგენენ რაღაც მრივ საზოგადოებისგან გარიყულ ან დისტანცირებულ გარე ძალებს, რომლებიც დაჯილდოვებული არიან რა უმაღლესი ინტელექტითა თუ განსჯის განსაკუთრებული უნარით, ყოველთვის ცდილობენ აკრიტიკონ ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება, რადგან ისინი საკუთარ თავს “ამ ცხოვრებას” არ მიაკუთვნებენ.

მიუხედავად იმისა, რომ სკრუტონი ამ შემთხვევაში საუბრობს დასავლელ ინტელექტუალთა პრობლემაზე და მისი მსჯელობის ბოლო ნაწილიც არ არის რელევანტური, ვფიქრობ, გარკვეულწილად, იგი მიესადაგება ქართველ “მემარცხენეებს”. ხალხთან კავშირი, “საერთო ენის” გამოძებნა, კომუნიკაცია და მოქმედების საერთო გეგმაზე შეჯერება არის უმნიშნელოვანესი მემარცხენე ფრთისთვის. ისე კი, რა თქმა უნდა, არ არის ცუდი არტისტული ხერხების გამოყენებით საუბარი და ტრანსცენდენტირება მასობრივი ყოფისგან, მაგრამ ხალხს მაინც ის უფრო აინტერესებს, ვაშლის რა ნაწილი ერგებათ (თუ საერთოდ ეგრებათ იგი).

ნიკლას ლუმანის ციტირება – https://www.tsu.ge/data/file_db/LAW%20PR/2014%202.pdf

სკრუტონის ინტერვიუ - https://www.youtube.com/watch?v=1eD9RDTl6tM

ვიტგენშტაინის ლომის შესახებ - https://static1.squarespace.com/static/54889e73e4b0a2c1f9891289/t/564b61a4e4b04eca59c4d232/1447780772744/Ludwig.Wittgenstein.-.Philosophical.Investigations.pdf

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG