Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ათეულობით ადამიანი, მათ შორის ორი ახალშობილი დაიღუპა, თვითმკვლელთა იერიშების შედეგად


ავღანეთში 12 მაისს რამდენიმე გამანადგურებელი შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა როგორც დედაქალაქ ქაბულში, ისე აღმოსავლეთ ნანგარჰარის პროვინციაში.

12 მაისს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის უპირატესად შიიტებით დასახლებულ რაიონში, სამი შეიარაღებული პირი თავს დაესხა სახელმწიფო სამშობიარო სახლს, რაც სწრაფადვე გადაიზარდა ერთსაათიან ბრძოლაში თავდამსხმელებსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის, ორი ახალშობილი. 15 ადამიანი დაიჭრა.

საბოლოოდ, უსაფრთხოების ძალებმა გაანადგურეს სამივე თავდამსხმელი და შეძლეს საავადმყოფოდან 80 ქალისა და ჩვილის გადარჩენა.

დღესვე, 12 მაისს, ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ნანგარჰარის პროვინციის ერთ-ერთ ოლქში 24 ადამიანი დაიღუპა და 68 დაიჭრა დაკრძალვის ცერემონიაზე თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად.

თავდასხმების ფონია წინა დღით გავრცელებული ცნობა, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მებრძოლების მიერ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი რეგიონული ლიდერის, აბუ ომარ ხორასანის დატყვევების შესახებ ავღანეთის დედაქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში.

12 მაისის სისხლიან ტერაქტებზე ქაბულსა და ავღანეთის სხვა ნაწილებში პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა გაავრცელა ცნობა, რომელშიც უარყო ქაბულის სამშობიაროზე თავდასხმაში მონაწილეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG