Accessibility links

სერბეთში პროსახელისუფლებო და ანტისამთავრობო ძალებს შორის დაპირისპირება ძლიერდება


სერბეთის ხელისუფლების მომხრეთა და მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერები კვლავ იმუქრებიან უწყვეტი შიმშილობის აქციებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

11 მაისს ბელგრადის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ ურთიერთსაწინააღმდეგო მიტინგებზე წესრიგის დასაცავად, დაპირისპირებულ ძალებს შორის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული.

პოლიტიკური დაძაბულობის ფონია სერბეთში კარსმომდგარი საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები, რომელზეც სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს ოპოზიცია ბოიკოტის გამოცხადებით ემუქრება.

სერბეთის მემარჯვენე ძალების მოძრაობა „დვერის“ ლიდერი, ბოსკო ობრადოვიჩი მოითხოვს 21 ივნისათვის დაგეგმილი არჩევნების შემოდგომისთვის გადავადებას, რადგან მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ფონზე წინასაარჩევნო კამპანია ოპოზიციისათვის უსამართლო იქნება.

სერბეთში კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 26 აპრილისათვის დანიშნული არჩევნები ხელისუფლებამ 21 ივნისისთვის გადადო.

პოლიტიკური დამკვირვებლბის თქმით, კენჭისყრის 21 ივნისს ჩატარების შემთხვევაში ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველი „პროგრესული პარტია“, დიდი ალბათობით, გაიმარჯვებს. მეორე მხრივ, თუ საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება, სავარაუდო ეკონომიკური რეცესიის ფონზე, შესაძლოა წარმატებას მიაღწიოს ოპოზიციამ.

ამ ფონზე, პროსახელისუფლებო „პროგრესის პარტიის“ ორი წევრმა 10 მაისს შიმშილობის აქცია წამოიწყო. ისინი გენერალური პროკურატურისგან მოითხოვენ, გამოიძიოს ობრადოვიჩის ქმედება, რომელმაც 8 მაისს პარლამენტის შენობის წინ შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს.

იმავე დღეს ობრადოვიჩმა და კიდევ ერთმა ოპოზიცონერმა პოლიტიკოსმა დაიწყო შიმშილობა არჩევნების გადავადების მოთხოვნით.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ორივე მხარეს მოუწოდა, შეწყვიტონ დაპირისპირება და მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას. თანაც გააფრთხილა აქციის მონაწილეები, რომ ნებისმიერი ასეთი თავყრილობა უნდა შეწყდეს კორონავირუსის განგრძობადი პანდემიის ვითარებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG