Accessibility links

დავით ბაქრაძე: შეთანხმების ნახევრად შესრულება არ არსებობს


დავით ბაქრაძე

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პოლიტიკური სივრცის გახსნის, ოპოზიციის მიერ ბოიკოტის რეჟიმის შეწყვეტისა და კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის საკითხი მხოლოდ მას შემდეგ დადგება, რაც ხელისუფლება 8 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად შეასრულებს.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული კონსულტაციების დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ მედიასთან განაცხადა, რომ ოპოზიცია ერთსულოვანია და შეთანხმების სანახევროდ შესრულებას არ დათანხმდება:

„პოლიტიკური ვითარების ნორმალიზებას ჩვენ ვხედავთ ამ შეთანხმებით, ორივე პირობის შესრულებაში, პოლიტიკური დევნის შეწყვეტაში და საარჩევნო პროპორციების შეცვლაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხებას ისახავს მიზნად, თუნდაც მოქმედი საარჩევნო სისტემის პირობებში. დავით ბაქრაძის განმარტებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ იმისთვის, რომ ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულება აიძულონ:

„ჩვენ არ გვინდა, რომ 8 მარტის შეთანხმება ჩავარდეს, ქვეყანა შევიდეს კიდევ ერთხელ კრიზისში და დარჩეს დღევანდელი საარჩევნო სისტემა. გვინდა, რომ შესრულდეს ეს შეთანხმება“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ.

შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.

8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესახებ პროცესის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადებაში, რომელიც გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, აღნიშნულია, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება.

"ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“, - ვკითხულობთ 8 მარტის შეთანხმებაზე ფასილიტატორების განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG