Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში თბილისის რეაქციას TikTok- თან დაკავშირებით არაადეკვატურად მიიჩნევენ


TikTok-ის მიერ დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად მოხსენიების გამო თბილისის მიერ გამოხატულ რეაქციას სოხუმში არაადეკვატური უწოდეს.

თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნულ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ობიექტურად ასახავს სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ რუკაზე არსებულ რეალურ ვითარებას.

„აღნიშნული შემთხვევა ნათლად ადასტურებს, რომ ხმამაღალი განცხადებები დიალოგის წარმართვის აუცილებლობისა და ურთიერთობათა ნორმალიზების გზების შესახებ მხოლოდ შირმაა საქართველოს იმ რეალური საგარეო კურსისა, რომელიც აფხაზეთის სრულმასშტაბიან იზოლაციას ისახავს მიზნად.

ფართო ყურადღებისთვის ისეთი უმნიშვნელო საბაბიც კი როგორიც TikTok-ის შემთხევა იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის „დამაზიანებელი“ ინფორმაციის ბლოკირებისთვის სწრაფი აქტივიზაციის მიზეზი გახდა“, - ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სოხუმში ვარაუდობენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა მკაცრ ცენზურას დაუქვემდებაროს ნებისმიერი საერთაშორისო საინფორმაციო რესურსი, რომელზეც თბილისისთვის „უხერხული“ ინფორმაცია გაჩნდება.

„ასეთ შემთხვევაში ჩნდება კანონზომიერი შეკითხვა: დასაშვებია ასეთი პრაქტიკა მორალურ-სამართლებრივი კუთხით და კეთილგონივრულობის თვალსაზრისით? ამ მხრივ არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ეკონომიკური სუბიექტები და ორგანიზაციები უფრო სწრაფად აცნობიერებენ არსებულ პოლიტიკურ რეალიებს, ვიდრე ცალკეული სახელმწიფოები“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელშიც გამოთქმულია მოლოდინი, რომ რეალობის გააზრების შემდეგ, საქართველო „აფხაზეთის რესპუბლიკასთან“ პოლიტიკურ კურსს გადახედავს.

სოციალურ ქსელ TikTok-ში რეგისტრაციისთვის ცალკე ქვეყნებადაა მითითებული საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი".

ამ ფაქტის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთ სამინისტროში განაცხადეს, რომ ხარვეზის გასასწორებლად მუშაობენ: "საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს ცალკეული სუბიექტების/ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე. არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტზე შეიცვალა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია“, - აღნიშნავენ სამინისტროში.

XS
SM
MD
LG