Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში 1 ივნისამდე გააგრძელეს კორონავირუსით გამოწვეული ზოგიერთი შეზღუდვა


სოხუმში პოპულარული კაფე "ბრეხალოვკა"
სოხუმში პოპულარული კაფე "ბრეხალოვკა"

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე, დე ფაქტო ხელისუფლებამ 15 მაისიდან 1 ივნისამდე გააგრძელა ზოგიერთი აკრძალვის მოქმედების ვადა.

დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას „განკარგულების“ მიხედვით, ისევ აკრძალულია მასობრივი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები, ქორწილები და სხვა სადღესასწაულო წვეულებები და ტურისტული საქმიანობა.

1 ივნისამდე ჩაკეტილია რუსეთთან ე.წ. საზღვარი. რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა შეუძლიათ მხოლოდ დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს, რუს სამხედროებს და მესაზღვრეებს, უცხოელ დიპლომატებს და სატვირთი ავტომანქანების მძღოლებს. დაბრუნებულები ორკვირიან კარანტინს ექვემდებარებიან.

ამასთან, დღეიდან, 15 მაისიდან მუშაობის განახლების უფლება მიეცათ კვების ობიექტებს, სადაც მაგიდები ერთმანეთისგან სულ მცირე 1,5 მეტრის დაშორებით უნდა განათავსონ და მომსახურე პერსონალმა სამედიცინო ნიღბები და ხელთათმანი უნდა გამოიყენოს. დღეიდან განახლდა ქალაქებს შორის სამგზავრო მიმოსვლაც.

ოკუპირებულ აფხაზეთში ისევ დახურულია სკოლები, მაღაზიების ნაწილი, სპორტული და გასართობი დაწესებულებები.

14 მაისს, საღამოს დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 17-მდე გაიზარდა. მათგან 1 გარდაიცვალა. 2 გამოჯანმრთელებულია. თითქმის ყველა ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული პირია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG