Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი განიხილავს საგადასახადო კოდექსში პანდემიის გამო შესატან ცვლილებებს


საქართველოს პარლამენტში იწყება საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანია კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ბიზნესისთვის გარკვეული გადასახადების გადავადება და შეღავათების დაწესება. მთავრობა ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად:

2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს. შეღავათი არ გავრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაზე.

2020 წლის 1 მარტიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურება დღგ-ით დაიბეგრება შესაბამისი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან/და შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება ექნება ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს არა უმეტეს 6 თვით გაუგრძელოს 2020 წელს გადასახდელი საშემოსავლო ან/და ქონების გადასახადის გადახდის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვადა. ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს საურავი არ დაერიცხება.

საგადასახადო ორგანოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რამაც გამოიწვია დაქირავებულისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კომპენსაციის უსაფუძვლო გაცემა, გამოიწვევს დამქირავებლის დაჯარიმებას ამ ინფორმაციის საფუძველზე გაცემული კომპენსაციის ორმაგი ოდენობით.

კანონპროექტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები გამოიწვეს 2020 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას 250 მილიონი ლარით.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ და მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. სხდომა 12 საათზეა დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG