Accessibility links

კონგრესმენი კინზინგერი მიესალმა უგულავას და ოქრუაშვილის გათავისუფლებას


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების შედეგად, პატიმრობიდან პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას.

„[კონგრესმენს] ეს ამბავი ახარებს და მოელის, რომ იხილავს ამ შეთანხმების შესრულებას. ის უგზავნის მილოცვას ჩვენს საელჩოს [შეთანხმების] განსახორციელებაში მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის“, - უთხრეს „ამერიკის ხმას“კონგრესმენ კინზინგერის ოფისში.

ადამ კინზინგერი იმ ამერიკელ კანონმდებლებს შორისაა, რომლებიც აქტიურად მოითხოვენ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულებას.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხებოდა „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომლის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ.

15 მაისს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ზურაბიშვილის შეფასებით, უგულავა და ოქრუაშვილი არც პოლიტპატიმრები არიან და არც უდანაშაულონი, მაგრამ მათი შეწყალება გადაწყვიტა, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და საფრთხე არ შეექმნას სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის სტაბილურობას.

2020 წლის თებერვალში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, განსხვავებით წინა ორი ინსტანციისგან, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო თბილისის მერობის პერიოდში საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2020 წლის აპრილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

რაც შეეხება „მთავარი არხის“ წილის მფლობელ გიორგი რურუას, ის 2019 წლის 18 ნოემბერს, პარლამენტთან ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. რურუას საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. ოპოზიცია აცხადებს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე მხარს არ დაუჭერს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG