Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო არავინ დასჯილა


19 მაისს 4 წელი შესრულდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს ე.წ. აფხაზმა მესაზღვრეებმა. მკვლელობის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის მოტივით მალევე შეწყვიტა.

„მიუხედავად იმისა, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავე პირთა ვინაობა ცნობილია, დღემდე არ მომხდარა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მათი პასუხისგებაში მიცემა და დასჯა. გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე და ამ ფაქტის არასათანადო გამოძიებაზე რუსეთის ფედერაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა, რადგან აფხაზეთზე ეფექტიან კონტროლს სწორედ რუსეთი ახორციელებს“, - ნათქვამია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.

საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს. ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში საია და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“ (EHRAC) იცავენ. საქმე უკვე გადაწყვეტილების გამოცხადების ეტაპზეა მისული.

საიაში აცხადებენ, რომ საქმე პრეცედენტულია, ვინაიდან სასამართლოს მოუწევს იმსჯელოს, რამდენად ახორციელებს რუსეთი ეფექტიან კონტროლს აფხაზეთზე და რამდენად ეკისრება პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე.

„საქმის წარმატებით დამთავრებას ასევე არსებითი მნიშვნელობა გააჩნია ოთხოზორიას ოჯახის წევრებისთვის მათი დარღვეული უფლების და სამართლიანობის აღდგენისთვის. ოთხოზორიას საქმე ასევე ნათლად წარმოაჩენს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ საგანგაშო ვითარებას ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით“, - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

გიგა ოთხოზორიას საქმესთან დაკაშირებით ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2018 წლის იანვარში შევიდა. ამას წინ უძღოდა უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ რუსეთის ფედერაციისადმი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისადმი არაერთგზის მიმართვა, გამოეძიებინათ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე. როგორც საია-ში აცხადებენ, რუსეთის ფედერაციის პასუხი იყო, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და პასუხს ვერ გასცემენ ამ გამოძიებაზე. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან კი ორგანიზაციას პასუხი საერთოდ არ მიუღია.

აფხაზ „მესაზღვრეს“ რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს სასამართლომ 2017 წელს, დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG