Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC სასამართლოში ასაჩივრებს აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტთა ქცევის ახალ წესებს  


ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისა და ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების სახელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

სარჩელში EMC მაუწყებლის დირექტორის მიერ 8 აპრილს დამტკიცებული იმ ქცევის წესების გაუქმებას ითხოვს, რომელიც ინტერნეტში/სოციალურ ქსელებში თანამშრომლების გამოხატვას არეგულირებს.

მოსარჩლის შეფასებით, აღნიშნული ქცევის წესები უკანონოა, რადგან ის მაუწყებლის თანამშრომლების გამოხატვის, შრომისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს არღვევს და აფერხებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დემოკრატიულად ფუნქციონირების პროცესს.

„2020 წლის 8 აპრილს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა დირექტორმა საკუთარი ბრძანებით დაამტკიცა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს თანამშრომლ(ებ)ის ინტერნეტში/სოციალურ ქსელებში ქცევის წესები“ (შემდგომში ქცევის წესები), რომლის თანახმად, მაუწყებლის თანამშრომლებს სრულად (მათ შორის, არასამუშაო დროსაც) ეზღუდებათ საკუთარი სოციალური ქსელების თავისუფლად, საკუთარი შეხედულებისამებრ მართვის და აქტივობის უფლება. კერძოდ, თანამშრომლებს საკუთარ სოციალურ გვერდებზე შეეზღუდათ თავისუფლად ისეთი ფოტო, ვიდეო და ჩანაწერების გავრცელებაც, რომლებიც არ ეკუთვნის მაუწყებელს (მე-2 მუხლი). ასევე, თანამშრომლებს აეკრძალათ მაუწყებლის სამუშაო და სამაუწყებლო პროცესებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება (მე-12 მუხლი), ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით რაიმე სახის პოზიციის დაფიქსირება (მე-9 მუხლი). მეტიც, ბრძანება ყველა თანამშრომელს ავალდებულებს მის უშუალო ხელმძღვანელს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც აჭარის მაუწყებლის კრიტიკას უკავშირდება (მე-5 მუხლი). ამასთან, ქცევის წესები თანამშრომლებს სთხოვს სრულ ლოიალობას (მუხლი 13) და შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერს, რომ თანამშრომლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ უნდა აზიანებდეს მაუწყებლის რეპუტაციას (14 მუხლი)“, - აღნიშნავს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. ორგანიზაციის შეფასებით, აჭარის მაუწყებლის დირექტორის მიერ დამტკიცებული ქცევის წესები არსებითად ჟურნალისტების დევნისა და კონტროლის მიზანს ატარებს და, რეალურად, მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან დასაქმებულების თვითნებური დისციპლინური დევნისა და დასჯის ინსტრუმენტს წარმოადგენს.

„სოციალურ ქსელებში კრიტიკული პოზიციების გამო უკვე დაფიქსირდა ორი ჟურნალისტის, თეონა თურმანიძისა და მალხაზ რეხვიაშვილის თვითნებური დასჯის ფაქტი. ბოლო შემთხვევაში მენეჯმენტმა აშკარად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და მალხაზ რეხვიაშვილი, რომელიც ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარეა, სამსახურიდან გაათავისუფლა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC იმედოვნებს, რომ სასამართლო გააუქმებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების თვითნებურად და უკანონოდ შემზღუდავ წესებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG