Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო წუხს, რომ საქართველოს შესახებ განცხადებამ სპეკულაცია გამოიწვია


სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ქართული მედიისთვის გაავრცელა კომენტარი მინისტრ არსენ ტოროსიანის განცხადების გამო, რომელიც ეხებოდა კორონავირუსის მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებას.

„ვწუხვართ, რომ მინისტრის სიტყვებმა გამოიწვია გაუგებრობა და პოლიტიკური სპეკულაციები“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პრესმდივანმა, ალინა ნიკოგოსიანმა.

ტოროსიანის პრესმდივანი ამბობს, რომ მაღალ შეფასებას აძლევენ კორონავირუსთან ბრძოლაში ქართველ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობას, საჭირო არ არის ამ ურთიერთობას ხელოვნური კონკურენციის ნიშნები შესძინონ და ისევ ამ ლოგიკით გააგრძელებენ ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. მანამდე ალინა ნიკოგოსიანმა განაცხადა, რომ მინისტრის სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.

22 მაისს, სომხური მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა ეჭვი შეიტანა საქართველოს სტატისტიკაში, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას ასახავს და თქვა, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულზე უკეთესია.

ტოროსიანის ეჭვს და შეფასებებს მცდარი უწოდეს თბილისში. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრისგან ბოდიშის მოხდაც კი მოითხოვა.

სომხეთის ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 7100-ზე მეტი ადამიანი. 87 გარდაიცვალა.

25 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რიცხვია 731. COVID-19-ით გარდაცვლილია 12 ადამიანი.

XS
SM
MD
LG