Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში საკარანტინო ზომების შემსუბუქების ახალი ეტაპი დაიწყო


ევროპის რიგ ქვეყნებში 25 მაისიდან იწყება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული მკაცრი საკარანტინო ზომების შემსუბუქების მორიგი ეტაპი.

მადრიდსა და ბარსელონაში მოიხსნა აკრძალვა მეგობრებსა და ნათესავებთან შეხვედრაზე, იხსნება ბარებისა და რესტორნების გარე ტერასები. ესპანეთის სხვა რეგიონებში, სადაც კარანტინი ადრე შეასუსტეს, რეჟიმი კიდევ უფრო შემსუბუქდება. ნებადართულია პლაჟების მონახულება დამსვენებელთა შორის ორმეტრიანი დისტანციის დაცვის პირობით.

იტალიაში კვლავ იწყებს მუშაობას დარბაზები და აუზები. ზოგიერთ პროვინციაში მუშაობას განაახლებს გასართობი ცენტრები, სასტუმროები, ავტომობილების გამქირავებელი პუნქტები.

ჩეხეთში კვლავ იხსნება კაფეები და რესტორნები, სასტუმროები, სკოლების დაწყებით კლასებში დაუსწრებელი სწავლებიდან კვლავ ნორმალურ რეჟიმზე გადადიან. ასევე აღარ არის აუცილებელი ქუჩებში პირბადეების ხმარება. მათი გამოყენება აუცილებელია მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში.

რესტორნები, კაფეები და მომსახურების სფეროს სხვა ობიექტები იხსნება საბერძნეთსა და გერმანიის მხარეთა უმეტეს ნაწილში.

ამასობაში აშშ-ში კვირის ბოლოს დიდი რაოდენობით ხალხი შეიკრიბა პლაჟებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე და აღნიშნა ზაფხულის არაოფიციალური დაწყება.

ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა თითქმის 100 ათასს მიაღწია, ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა კი 1,6 მილიონია.

50-ვე შტატში გარკვეულწილად მოიხსნა მკაცრი აკრძალვები მიუხედავად იმისა, რომ რიგ შტატებში არ იცავენ ფედერალურ დონეზე დაწესებულ წესებს, რომ ზომების შემსუბუქება ინფექციის ორკვირიანი კლების პერიოდის შემდეგ დაიწყოს.

მსოფლიოს მუსლიმები ზეიმობენ ეიდ ალ-ფითრის რელიგიურ დღესასწაულს, რომელიც 24 მაისს დაიწყო. ისლამური ქვეყნების რელიგიური ლიდერები მორწმუნეებს მოუწოდებენ, დღესასწაული შინ აღნიშნონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG