Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: დაპირისპირება და პოლარიზაცია ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს


საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებამ საზოგადოება არ უნდა მოადუნოს, რადგან ქვეყანა დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად შედის მეორე, უფრო რთულ ფაზაში.

„კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დაავადება დამარცხებული არ არის. ახლა დაგვჭირდება ახალი ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის. დარჩენილი შეზღუდვების მოხსნისთანავე შეიქმნება განწყობა, რომ საფრთხე გადავაგორეთ. ეს ასე არაა. აწი ჩვენზე - ინდივიდუალურად და კოლექტიურად - იქნება დამოკიდებული, როგორ შევინარჩუნებთ მიღწეულ შედეგს და დავიცავთ თავს ახალი აფეთქებისა და მეორე ტალღისგან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანის ბაზაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გამოსვლისას.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო უნდა მოემზადოს ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად, რაც მოითხოვს გამძლეობას, მოთმინებას და უფრო მეტ სოლიდარობას: „ამ შემთხვევაში დაპირისპირება და პოლარიზაცია ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს და იგი ხელს შეუშლის ენერგიის მობილიზებას. ვინც ამ დროს ექიმების მიმართ უნდობლობის გაჩენას, აუცილებელი ზომების ეჭვქვეშ დაყენებას და ხელოვნური მიზეზებით არეულობის გამოწვევას ცდილობს, ის ქვეყნის წარმატებას და, მაშასადამე, მის გადარჩენას ებრძვის. ასეთი მასშტაბის კრიზისების დროს აუცილებელია გარკვეული დონის პოლიტიკური კონსოლიდაცია“.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ასეთ კრიზისში საზოგადოების დაუცველ ფენებს სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, რადგან ისინი ყველაზე მეტად ზარალდებიან.

„პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მსოფლიო გაჩერდა და იძულებული გავხდით, დავფიქრებულიყავით, როგორ იქნება მსოფლიო ამ გაჩერების შემდეგ და ჩვენ რა ადგილს დავიკავებთ ახალ მსოფლიოში. ამის გააზრება ყველასგან მოითხოვს არჩევანის გაკეთებას ეგოიზმსა და სოლიდარობას შორის, დაპირისპირებასა და თანამშრომლობას შორის, კონფლიქტსა და მშვიდობიან გზას შორის“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხვალინდელ მსოფლიოში საქართველოს შეუძლია დაიკავოს თუნდაც პატარა, მაგრამ ღირსეული ადგილი: „ეს ნიშნავს ჩვენი პოტენციალის გადააზრებას და საზოგადოებისა და ეკონომიკის სწორი მიმართულებით წარმართვას. ეს ახალი მიმართულებები უკვე იკვეთება. ტურიზმის გადარჩენასთან ერთად, ესაა სოფლის მეურნეობის წამოწევა, ტრადიციული წარმოების აღდგენა და მსოფლიო გეოეკონომიკაში ახალი ინდუსტრიული ნიშების დაკავება. ყოველივე ეს ეფუძნება პროფესიონალიზმს, რომელიც ხვალინდელი დღის გასაღებია“.

XS
SM
MD
LG