Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბედნიერების უძირო სევდა


ავტორი: ნუცა სპარსიაშვილი

ალბათ გაქვთ ნანახი ფილმი სახელწოდებით ''ჩემი ბედნიერი ოჯახი''. ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმის მთავარი პერსონაჟი მშვენიერი მანანაა, პროფესიით მასწავლებელი, რომელიც ცხოვრობს მეუღლესთან, მშობლებთან, შვილებთან და სიძესთან ერთად.

მანანას თავისი თავისთვის არც სივრცე ყოფნის, არც დრო. მას არავინ ეკითხება რა უნდა და რა ესიამოვნება. ეს აზრად არავის მოუვა. გეგონება ასეც უნდა იყოს. მანანასი არ ესმის მის ქმარს და არც დედას. არა, ყველანი ერთ ენაზე საუბრობენ, უბრალოდ ისინი არ უსმენენ მანანას. ეს კარგად ჩანს მთავარი პერსონაჟის დაბადების დღეს, როცა არავის არ აინტერესებს, რა სურს იუბილარს. მანანას უარის მიუხედავად, დედამისი და ქმარი სუფრის სამზადისში არიან. მანანას აზრი აქ უმნიშვნელოა. მისი ხმა არ ისმის, მისი სურვილი კი არც განიხილება. როცა მთავარი პერსონაჟი აპროტესტებს ოჯახის წევრების წაყრუებას, არც მაშინ ესმით მისი.

მანანა ძალიან დაღლილია თავისი ცხოვრებით და იმ ყოფით, სადაც მას აღარ უხარია. ის უბრალოდ არსებობს. ის ვერავის უმხელს თავის გრძნობებს. დომინანტ დედაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია. რას მოისმენს თავისი დედისგან თუ ვინმე ეგრედ წოდებული კეთილმსურველისგან დემაგოგიურ შეძახილებზე უკეთესს სერიიდან ''უნდა შეეგუო, უნდა მოითმინო. ოჯახი შენი ცხოვრების აზრია''. რას ეტყვის დედამისი სანუგეშოს, როცა ის შვილს საერთოდ არ უსმენს. მანანაც დუმს და არავის უმხელს თავის აზრებს.

ბავშვებს ხომ იმ შეგნებით ზრდიან, რომ მათ უფროსებს უნდა დაუჯერონ, რადგანაც უფროსებმა მეტი იციან და უფრო კომპეტენტურები არიან. დროთა განმავლობაში გუშინდელი ბავშვები ხვდებიან, რომ ასაკი ყოველთვის არ განაპირობებს ცოდნა–განათლებას და კომპეტენტურობას ყველაფრისცოდნაში. ხვდებიან, რომ თურმე უმცროსისგანაც შეიძლება უფროსებმა მათთვის ახალი და მნიშვნელოვანი გაიგონ. მანანას შემთხვევაში გარდამტეხი მომენტიც თავისზე უმცროს გოგონასთან–მოსწავლესთან საუბრისას ხდება.

მანანა გადაწყვეტს წავიდეს და მარტო გადავიდეს საცხოვრებლად, რასაც ოჯახში სკანდალი მოყვება. მას ეწინააღმდეგებიან და უპირისპირდებიან. მანანას ეს ნაბიჯი ნამდვილ ტრაგედიად აღიქმება. მანანა მიდის. მიდის, იმიტომ რომ იცხოვროს ისე, როგორც მას სურს. მიდის იმიტომ, რომ დადგა დრო შემატოს თავის ნაცრისფერ ცხოვრებას ახალი ფერები. მიდის, იმიტომ რომ ისუნთქოს, გაიღიმოს, იღიღინოს, ყვავილები გაახაროს. მას ეს ჰაერივით სჭირდება.

ეს ამბავი საქვეყნო მნიშვნელობას იძენს. მანანას დედის თაოსნობით იკრიბება ბრძენთა კრება, სადაც ყველა ცდილობს მანანას გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. მათი აზრით, მანანას ''ჭკუაზე მოყვანა'' სჭირდება. კეთილმსურველთა მცდელობას მარცხი ელის. მანანა არავის არ უსმენს. ის არ მოქმედებს ვიღაცის ჯიბრზე. უბრალოდ იცის, რომ მისთვის ნამდვილად სასიკეთოს და საინტერესოს ვერავისგან მოისმენს. კეთილმსურველები მაინც არ ნებდებიან. ცდილობენ მანანას დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების და მოქმედების საშუალება

არ მისცენ. ანდაც რას უნდა მოელოდოს ქალი პატრიარქატისგან, სადაც ის როგორც ქალი აპრიორი დაქვემდებარებულ როლში მოიაზრება. როდის იყო პატრიაქრალური საზოგადოება გაგებით ეკიდებოდა მას, ვინც მათ მიერ დადგენილ კანონებს არღვევს, მითუმეტეს როცა ეს ვინმე ქალია.

საქმეში ''ხალხი მანანას წინააღმდეგ'', ბრალდებულს ხალხის რისხვისგან მხოლოდ მისი ზრდასრული შვილები იცავენ. მანანას კი სიმშვიდე უნდა, ომში დაინტერსებული ის სულაც არ არის. ახალ გარემოში მანანა ცდილობს იცხოვრობს ისე, როგორც მას არასდროს უცხოვრია. ნაქირავებ ბინაში ის მარტოა და არ იწყენს. არც დეპრესიაშია, არც ექზისტენციალური კრიზისისგან იტანჯება. მანანა ლაღად და ჰარმონიულად გრძნობს თავს. მაგრამ ვინ აცადა ჰარმონია და სილაღე? იქაც გამოუჩნდნენ ''კეთილმსურვლები''. მანანას ძმის მზრუნველობას საზღვარი არ აქვს. მან ნაცნობ უბნელებს სთხოვა მისი დისთვის მიეხედათ, რაც კონტროლს, დარაჯობას და თვალთვალს გულისხმობდა. ასევე საქმის გარჩევას მანანას ისეთი ნაცნობებთან, ვინც მათ არ მოეწონებოდათ. თუ ასეთს შენიშნავდნენ მანანას ბინის კართან თუ სადარბაზოსთან ჩასაფრებულები.

ოჯახის წევრებს ნამდვილი თავსატეხი გამოუჩნდათ. მათ ვერ გაუგიათ მანანას გადაწყვეტილების მიზეზი. ეჭვობენ რომ არენაზე საყვარელი გამოჩნდა. მათი აზრით, სხვა რა მიზეზი შეიძლება იყოს ქალისთვის, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად სახლიდან წავიდა. კონტროლიც ამ ეჭვების დასადასტურებლად მოიფიქრა მზრუნველმა ძმამ თუ ლამარამ. ქალს ხომ აუცილებლად პატრონობა ჭირდება, თუ არადა ის დაიკარგება. მას დამოუკიდებლად სუნთქვაც კი არ შეუძლია.

ფინიტა

გაუგებარია როგორ სრულდება ფილმი. რა სურს მანანას მეუღლესთან მიმართებაში, აქვს თუ არა მის მიმართ კიდევ გრძნობები და უნდა თუ არა მასთან ურთიერთობა. იცით რა? არც მანანამ იცის ეგ. ის ჯერ ფიქრობს და უმჯობესი იქნება თუ დავაცდით.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG