Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანმა განსაზღვრა იმ პირთა წრე, ვისაც უფლება აქვს დაესწროს ქორწინების რეგისტრაციას


საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, 15 ივლისამდე პერიოდში წყვილის ქორწინების რეგისტრაციის რიტუალზე დასწრების უფლება აქვთ წყვილის მშობლებს, ქორწინების მოწმეებს და ფოტოგრაფს.

იუსტიციის მინისტრის N 543-ე ბრძანების თანახმად, ხელის მოწერის ცერემონიალის დამსწრე პირთა რაოდენობა საშუალოდ 9 ადამიანს შეადგენს:

„სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა“, - აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში, რომელიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული დროებითი წესების მოქმედებას განსაზღვრავს.

ბრძანება 25 მაისით თარიღდება, მოქმედებს 2020 წლის 15 ივლისამდე და ვრცელდება 23 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ბრძანებით, ამ ეტაპზე იხსნება ქორწინების ორი სივრცე. კერძოდ, თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ ბრძანება 2020 წლის 29 მაისიდანაა ძალაში, ხოლო თბილისის უზნაძის 2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ - 31 მაისიდან.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ დროებით ძალაში დარჩა შეზღუდვა, რომელიც 10-ზე მეტი ადამიანის სოციალურ ღონისძიებებზე თავშეყრას უკავშირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG