Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

„თქვენო აღმატებულებავ! მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

დიდად ვაფასებ რა ათასწლოვან ისტორიულ კავშირებსა და ამჟამინდელ მჭიდრო ურთიერთობებს ჩვენს სახელმწიფოებს შორის, მინდა განვაახლო საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მყარი მხარდაჭერა. ასევე, თქვენს ქვეყანას ვუსურვო წარმატებული სვლა ევროკავშირსა და NATO-ში სანუკვარი წევრობისაკენ.

დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ამჟამინდელ რთულ პერიოდში საქართველომ და უკრაინამ უნდა განაგრძონ სოლიდარობისა და ურთიერთმხარდაჭერის დემონსტრირება.

მე მჯერა, საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის სიმყარისა და ჩვენი ხალხების სიბრძნისა.

თქვენო აღმატებულებავ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გისურვოთ ყოველგვარი წარმატებები თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში საქართველოს საკეთილდღეოდ, ხოლო მეგობრულ ქართველ ხალხს - მშვიდობა და კეთილდღეობა“, - აღნიშნულია ვოლოდიმირ ზელენსკის მისალოც წერილში.

საქართველოს უკრაინიდან ელჩი დროებით გაწვეული ჰყავს. თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციისთვის გამოიძახეს მას შემდეგ, რაც 7 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სამშობლოში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დანიშნა რეფორმების საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ.

კიევში ელჩის დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 25 მაისს, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დააკვირდება უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და ამის მიხედვით გადაწყდება ელჩის დაბრუნების თარიღი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG