Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი საგანგებო მდგომარეობისას დაჯარიმებულთა სასარგებლოდ


სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის მოქალაქეებისთვის დაკისრებული 3000 ლარიანი ჯარიმის ჩამოწერას.

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა სერგი კაპანაძემ თქვა, რომ საერთო ჯამში გამოწერილია 25 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა. კაპანაძის თქმით, ჯარიმების ჩამოწერის წინადადებით მთავრობას გასულ კვირაში მიმართეს და რადგან რეაქცია არ ყოფილა, კანონპროექტის ინიცირება გადაწყვიტეს.

„ჩვენ ვიცით, რომ ჯარიმდებოდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც მანქანაში ისხდნენ წინ, ან ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წუთით გადააშორებდნენ ხოლმე კომენდანტის საათს. არც ერთი და არც მეორე შეზღუდვა არანაირი ეფექტის მომტანი არ იყო. ამასთან, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დაახლოებული იყო „ქართულ ოცნებასთან", სარგებლობდა ე.წ. ნარუშილოვკით, ვიცით ფარცხალაძის მაგალითი და ასევე, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაარღვია ეს წესები შეგნებულად რელიგიური დღესასწაულების დროს და მათ არანაირი ჯარიმა არ მიიღეს“, - განაცხადა კაპანაძემ. მისი შეფასებით, მოქალაქეებს შერჩევით აჯარიმებდნენ, რაც უსამართლობაა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებებს პოპულიზმი უწოდა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

„ამას ხომ მოგონება სჭირდება - ილაპარაკო, რომ შერჩევითი იყო 3000-ლარიანი ჯარიმა. შეიძლება ილაპარაკო იმაზე, რომ გადახდა გაუჭირდება ბევრ ადამიანს. მოიკითხეთ, იქნებ დაჯარიმებულია ეს ადამიანი (ფარცხალაძე), არ ვიცი, მე წარმოდგენა არ მაქვს. ამ დროს, თუ პასუხისმგებლიანი ადამიანი ხარ და იცი, რომ ვიღაც რაღაცას არღვევს, უნდა ადგე და დარეკო პატრულში, ან შესაბამის ორგანოში და არა პოპულიზმით დაკავდე და ფეისბუქში განათავსო. თუ განათავსებ, პატრულშიც უნდა მიაყოლო ზარი“, - უთხრა მედიას მდინარაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG