Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავას თქმით, ღამის კლუბებისთვის ამ ეტაპზე არ განიხილება სექტორული შეღავათები


ღამის კლუბების პრობლემების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„კლუბებთან დაკავშირებით აბსოლუტურად მესმის თითოეული ბიზნესის, ბიზნესსექტორის სურვილი, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ნორმალურ ფუნქციონირებას, აბსოლუტურად გაგებით ვეკიდებით იმ მოთხოვნას, მათ შორის, ღამის კლუბებიდან. ღამის კლუბები, ღამის ეკონომიკა, გართობის ინდუსტრია არის, მათ შორის ტურისტული ინდუსტრიის ნაწილი. ჩვენ შევძელით და ეპიდემიის ეფექტიანი მართვის შედეგად მოვახერხეთ, რომ უფრო სწრაფად ვხსნით ეკონომიკას. პრაქტიკულად მომდევნო 10 დღეში ტურისტული ინდუსტრია მთლიანად გაიხსნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ამას მოჰყვება ღამის კლუბების გახსნა“, - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, სექტორული შეღავათები ამ ეტაპზე არის გათვალისწინებული ყველაზე მეტად დაზარალებული ინდუსტრიებისთვის.

რაც შეეხება ღამის კლუბებს, როგორც მინისტრი ამბობს, ამ ეტაპზე მათთვის სექტორული შეღავათი არ განიხილება.

„ჩვენ მოვისმენთ არგუმენტებს ყველა დარგის. შემდგომაც ვამუშავებთ პოსტკრიზისულ გეგმას და ვნახოთ, როგორი იქნება ამ თვალსაზრისით ჩვენი გადაწყვეტილება“, - დასძინა თურნავამ.

26 მაისს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ასზე მეტ ბარსა და ღამის კლუბს აერთიანებს, მთავრობას მიმართა. ორთვიანი საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ბარები და კლუბები, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული, გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდნენ.​

ბარებისა და კლუბების მეპატრონეები ამბობენ, რომ ორთვიანი დანაკარგის შემდეგ ფეხზე დასადგომად მინიმუმ ერთწლიანი საშეღავათო პირობებია საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG