Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების შემსუბუქება იგეგმება


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების შესახებ ილაპარაკა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას.

„თუ ჩვენ გვექნა კოვიდინფექციის მეორე ტალღა, ჯარიმების აბსოლუტური ჩამოწერა ცუდი სტიმული იქნება ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება იყვნენ დამრღვევები. თუმცა 3 000 ლარის გადახდა, ალბათ, 90%-სთვის შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, რაღაც შუალედური გადაწყვეტილება უნდა მოვიფიქროთ. მე ინიციატივას გავახმოვანებ ჩემს გამოსვლაში, რომ უკვე არსებული ჯარიმების შემსუბუქება მოხდეს, თუმცა შემსუბუქების ფარგლებიც უნდა განვსაზღვროთ, რათა ერთი მხრივ, არ დავაზიანოთ პრევენციული თვალსაზრისით ჯარიმის მიზანი, სექტემბერ-ნოემბერში ადამიანებმა არ იფიქრონ, რომ თუ ვინმე დააჯარიმეს, ეს მაინც მოეხსნებათ. ეს დაუშვებელია, თუმცა უნდა ვიფიქროთ მაგალითად, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, რომ მათ სიმბოლურამდე დაყვანილი თანხა გადავახდევინოთ ამ ჯარიმებიდან,“ - განაცხადა მდინარაძემ.

31 მარტიდან 22 მაისამდე პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 8 ათასამდე პირი დააჯარიმა. მონაცემები რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით დათვალა.

ფიზიკურ პირებზე ჯამში 7 974 ჯარიმა (3 000) გამოიწერა, რაც 23 922 000 ლარია. ამავე პერიოდში 10 იურიდიული პირი დაჯარიმდა (15 000 ლარი), რომელთა ჯარიმების საერთო მოცულობა 150 ათასი ლარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG