Accessibility links

ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა მისი მაჯის საათების შესახებ რადიო თავისუფლების გამოძიებას


თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა ძვირადღირებული მაჯის საათების შესახებ. მან რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიებაში მოტანილ ფაქტებს „სისულელე“ უწოდა.

„მე პოლიტიკაში არ მოვსულვარ ქუჩიდან. მე პოლიტიკამდე ათი წელი ვმუშაობდი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაღალ თანამდებობაზე და მე მქონდა ძალიან მაღალი შემოსავლები, განსხვავებით ამ გარყვნილი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ. ზოგადად, მე გეტყვით, რომ აბსოლუტურად არაფერი მაქვს დასამალი“, - თქვა ღარიბაშვილმა.

რეპლიკაზე, არ ასახეთ დეკლარაციაში, ღარიბაშვილმა თქვა: „გეტყვით, რომ მთელი ეს ინფორმაცია... როგორ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო, რომ ნახევარმილიონიანი საათი მიკეთია მე. მაშინ უნდა ვიყო მილიარდერი“.

შეკითხვას, რომ საუბარია საერთო ჯამში ნახევარი მილიონის ღირებულების მაჯის საათების შესახებ თავდაცვის მინისტრი პასუხობს: „სისულელეა, არასწორია. ეს არის მიზანმიმართული, დამახინჯებული ფაქტები, რომლითაც, რა თქმა უნდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო განზრახული. მაგალითს გეტყვით, ეს არ არის ღია ინფორმაცია. მე, როდესაც პოლიტიკიდან წავედი, სულ რაღაც ბოლო ორ წელში მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი. ეს არის დეკლარირებული, ოფიციალური შემოსავალი. კონსულტაციების გზით მიღებული თუ სხვა ბიზნესკომპანიებში ჩართულობით. პოლიტიკამდე გითხარით ჩემი „ბექგრაუნდი“, ჩემი ასე ვთქვათ, გამოცდილება და ადამიანთან, რომელიც არის ასე ვთქვათ, ჩემი ხელმძღვანელი და რომელთანაც ვმუშაობდი უკვე ჯამში 16-17 წელია. კითხვა სად არის ამ შემთხვევაში, რატომ უკეთია ღარიბაშვილს ძვირადღირებული საათი? გეტყვით, რომ ფაქტები მიზანმიმართულად არის დამახინჯებული. არც მე და არც ჩემს ოჯახს არავისთვის არაფერი წაგვირთმევია“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილის ძვირადღირებული და არადეკლარირებული მაჯის საათების შესახებ რადიო თავისუფლებამ ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა. გაირკვა, რომ ღარიბაშვილის მაჯის საათების ჯამური ფასი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. მინისტრმა ამის შესახებ მონაცემები დეკლარაციაში არ ასახა.

ირაკლი ღარიბაშვილმა არ უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვას არადეკლარირებული საათების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG