Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ცხრა მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს - დაკავებამდე ერთ-ერთი მოითხოვდა თავშესაფარს


თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დააკმაყოფილეს პროკურატურის შუამდგომლობა და თურქეთის ცხრა მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდეს პატიმრობა.

სამი ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ გასაჩივრების საკითხზე მას შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც განჩინებას ჩაიბარებს.

ადვოკატი დათუნა მოდებაძე ამბობს, რომ უცნობია, პატიმრობის შეფარდებისას მოსამართლემ რომელი ფორმალური საფუძვლით (მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულების განადგურების საფრთხის) იხელმძღვანელა. მოდებაძის თქმით, პროკურორი სამივე საფუძვლით ითხოვდა პატიმრობის გამოყენებას.

„ბუნებრივია, პროკურორმა ვერ დაასაბუთა ვერცერთი საფრთხე, საუბარია როგორც ახალი დანაშაულის ჩადენაზე, ასევე მტკიცებულებების განადგურებაზე. ძირითადი აქცენტი მიმალვის საფრთხეზე იყო გადატანილი. პროკურორი ბრალში უთითებს, რომ ეს პირები 2018 წლიდან არიან საქართველოში შემოსულები, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არსად წასულან. უფრო მეტიც, მათ ბინა ბათუმში ჰქონდათ ნაქირავები და ამ ბინის მეპატრონეებთან სამოქალაქო ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული იჯარის თაობაზე, თან თავიანთი სახელითა და გვარით. როგორ ფიქრობთ, თუ პირი იმალება და ფიქრობს, რომ საზოგადოებაში არ გამოჩნდეს, ასეთ ხელშეკრულებას გააფორმებს, ქუჩაში ივლის და მეუღლეს, შვილებს ჩამოიყვანს?!“, - თქვა დათუნა მოდებაძემ.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ერთ-ერთ ბრალდებულს დაკავებამდე საქართველოს სახელმწიფოსთვის თავშესაფრის მოთხოვნით ჰქონდა მიმართული. „თავშესაფარს სხვა ქვეყნის მოქალაქე სხვა ქვეყანაში იმის გამო ითხოვს, რომ თავის ქვეყანაში აქვს პრობლემა. თუ რა პრობლემები ჰქონდა, ეს არც საქმეშია და ამაზე არც ბრალდებულს უსაუბრია. ინფორმაცია, რომ რომელიმე პიროვნება რომელიმე ქვეყანაში იძებნება, საქმეში არ დევს“, - დასძინა მოდებაძემ.

დამცველმა, ასევე, ილაპარაკა იარაღის ფლობის საკითხზე და განმარტა: „იარაღზე საერთოდ ნუ ვსაუბრობთ, ბრალში არ აქვთ ეს წარდგენილი. იარაღთან დაკავშირებით საუბრობს პროკურატურა, თუმცა, ჯერ არ არის ექსპერტიზა ჩატარებული, ეს არის თუ არა ნამდვილად ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე არ ფიქსირდება, იარაღი ამ ცხრიდან რომელს ეკუთვნოდა, ან ასეთი იარაღი თუ არსებობდა საერთოდ“.

პროკურორი მაია სილაგაძე ამბობს, რომ ბრალდების მხარისთვის ცნობილია დაახლოებითი პერიოდი (2019 წლის დეკემბერი ან 2020-ის დასაწყისი), როდესაც ბრალდებულები საქართველოში შემოვიდნენ. „ჩვენ, როდესაც მივიღეთ კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პირები იმყოფებოდნენ ბათუმში და უკანონოდ ჰქონდათ საზღვარი გადმოკვეთილი, რა თქმა უნდა, მაშინვე გავატარეთ შესაბამისი საპროცესო ღონისძიებები და აღვკვეთეთ მათი დანაშაულებრივი ქმედება“, - აღნიშნა პროკურორმა.

სილაგაძე ამბობს, რომ დაკავებულების სახლების ჩხრეკის შედეგად რამდენიმე ცეცხლსასროლი პისტოლეტი იქნა ამოღებული ვაზნებთან ერთად და ამ კუთხითაც მიმდინარეობს გამოძიება. „იარაღების კუთვნილებასთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, ასევე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კონკრეტული მტკიცებულებების შემდეგ, კონკრეტულ პირებს ბრალი წარედგინებათ“, - განმარტა მან.

შეკითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ბრალდებულებს სუს-ის თანამშრომლისგან სახლი ნაქირავები, პროკურორი პასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს.

თურქეთის მოქალაქეებს ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG