Accessibility links

მარკ ესპერი დონალდ ტრამპს უპირისპირდება და არ ეთანხმება წესრიგის დასამყარებლად ჯარის გამოყენებას


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება შეიარაღებული ძალების გამოყენებას კანონის დაცვის უზრუნველყოფისა და მიმდინარე ქუჩის საპროტესტო გამოსვლების შესაკავებლად.

ესპერმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „ამბოხების შესახებ კანონი“, რომელიც ტრამპს საშუალებას მისცემდა, მოქმედი ჯარები გამოეყენებინა არეულობის წინააღმდეგ, აშშ-ში გამოყენებულ უნდა იქნეს „მხოლოდ ყველაზე უფრო გადაუდებელ და მძიმე ვითარებებში“. ესპერის თქმით, „არცერთ ასეთ ვითარებაში არ ვიმყოფებით“.

„ამბოხების შესახებ კანონის“ ამოქმედებაზე მსჯელობენ მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ ჯარს გამოიყენებს აშშ-ის ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ჩასახშობად და წესრიგის დასამყარებლად.

როგორც Associated Press-ი იტყობინება, ესპერმა განკარგულება გასცა არმიის რამდენიმე შენაერთის გადაყვანის შესახებ ვაშინგტონის გარეთ მდებარე სამხედრო ბაზებზე. მაგრამ ქვედანაყოფებს არ მიუღიათ მოქმედების ბრძანება.

ოთხშაბათს პრეზიდენტმა ტრამპმა Fox New Radio-სთან საუბარში გაიმეორა მოწოდება ძალის დემონსტრირების აუცილებლობაზე. „საჭიროა დომინანტი ძალა... ჩვენ კანონის დაცვა და წესრიგი გვჭირდება“, თქვა ტრამპმა.

აშშ-ში საპროტესტო გამოსვლების ტალღა დაიწყო მას შემდეგ, რაც 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მიერ დაკავებისას დაიღუპა უიარაღო შავკანიანი მამაკაცი, რომელიც ყალბი ფულის გამოყენებაში იყო ეჭვმიტანილი. პოლიციელების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ესპერმა მკაცრად გააკრიტკა მინეაპოლისის ინციდენტში პოლიციის მოქმედება. მან ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს „მკვლელობა“ და „საშინელი ბოროტმოქმედება“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG