Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო ცვლილების საჯარო სატელევიზიო განხილვა 19:00 საათზე დაიწყება


დღეს იწყება საარჩევნო სისტემის შესაცვლელად საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვა.

პარლამენტის ინფორმაციით, დაინტერესებული მოქალაქეების მიერ ონლაინ დასმულ შეკითხვებს პასუხები გაეცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში. განხილვა 19:00 საათზე დაიწყება.

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 17 მარტს შეიქმნა, თუმცა, რეგიონების მიხედვით საჯარო შეხვედრები ვერ ჩატარდა კორონავირუსის ეპიდემიის გამო. ამან განაპირობა განხილვის სატელევიზიო ფორმატიც.

საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა 13 ივნისს, 21:00 საათზე გაგრძელდება ამჯერად, აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.

კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა, როგორც წესი, წინ უძღვის პარლამენტის სესიაზე მსჯელობის დაწყებას.

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული სისტემით აირჩევენ.

დღეს მოქმედი წესით, 73 დეპუტატი მაჟორიტარული, ხოლო 77 პროპორციული სისტემით აირჩევა.

ოპოზიციური საპარლამენტო პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერას არ აპირებენ „მთავარი არხის“ წილის მფლობელ გიორგი რურუას გათავისუფლებამდე.

2019 წლის ნოემბერში, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაკავებულ რურუას ბრალად ედება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება. მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გიორგი რურუა ყალბი ბრალდებით დაკავებული პოლიტპატიმარია და მისი, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილი გათავისუფლება იყო 8 მარტის შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ "ქართულ ოცნებაში".

უგულავა და ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს შეიწყალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG