Accessibility links

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე უარს ამბობს მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატობაზე


ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე უარს ამბობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყაროს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. "ფეისბუკში" გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, მისი ეს გადაწყვეტილება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ არჩევნებში „გირჩი“ მონაწილეობას მხოლოდ პარტიული სიით მიიღებს:

„გირჩიდან მე განვიხილებოდი როგორც შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში. მე უარს ვამბობ ამ შესაძლებლობაზე, რაც ნიშნავს რომ გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით. ლოგიკურად, შეთანხმება საერთო კანდიდატებზე თბილისის დარჩენილ 6 ოლქში, ახლა უფრო მარტივი იქნება“, - აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე.

მისი შეფასებით, წამგებიანი ილუზიის შექმნაა იმის მტკიცება, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების ხმები უბრალოდ დაჯამდება, თუ სხვადასხვა პარტიების ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებენ ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერისკენ.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თანახმად, მაჟორიტარულ ოქლებში კანდიდატებად ისეთი ადამიანები უნდა დასახელდნენ, ვისაც მეტი შანსი აქვს მიიღოს სხვადასხვა ტიპის ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ხმები. იგი ამბობს, რომ „გირჩის“ ამომრჩევლების ხმები წავა იმ კანდიდატებისკენ, ვინც საჯაროდ დაადასტურებს იმ ხედვების მხარდაჭერას, რომელთა განსახორციელებლადაც „გირჩი“ აპირებს პარლამენტში ბრძოლას. ესენია:

  • სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნება
  • ერთი გადასახადის დატოვება და მთავრობის ზომის შემცირება 15%-მდე
  • სასამართლოს სისტემის რეფორმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად
  • სახელმწიფო რეგულაციებისგან თავისუფალი კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტების შექმნის შესაძლებლობის დაშვება
  • რაიონული პოლიციის უფროსების (შერიფების) არჩევითობა.

ზურაბ ჯაფარიძე "ფეისბუკში" წერს, რომ „გირჩი“ საარჩევნო კამპანიას იწყებს.

4 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე თქვა, რომ პარტია თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6-ში კანდიდატს არ დააყენებს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების შეთანხმების საკითხის პირველივე ტურში შეთანხმების მიზანშეწონილობაზე ოპოზიციის რიგებში არაერთი განცხადება გაკეთდა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ტიპის კოორდინაციაზე შეჯერდებიან პოლიციკური სუბიექტები. თავიდანვე განსხვავებულ პოზიციაზე იყო „ლელო“, რომელიც აცხადებდა, რომ ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატურით იქნებოდა წარმოდგენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG