Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატში მომზადდა ორპარტიული კანონპროექტი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ


"აკადემიკოსი ჩერსკი"
"აკადემიკოსი ჩერსკი"

აშშ-ში სენატში მომზადდა ორპარტიული კანონპროექტი რუსეთის გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკად 2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიების მიმართ ახალი სანქციების შესახებ. დოკუმენტის ავტორები არიან რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი და დემოკრატი ჯინ შაჰინი. გასული წლის დეკემბერში მათივე თანაავტორობით შემუშავდა ცვლილებები აშშ-ის სამხედრო ხარჯების შესახებ კანონისა, რომლის თანახმად სანქციების ქვეშ უნდა აღმოჩნდნენ ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიები.

ბალტიის ზღვით რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი მილსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი 2“, ორი პარალელური, 1230 კილომეტრის სიგრძის, ხაზისგან შედგება. მწყობრში ჩადგომის შემდეგ, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გააორმაგებს რუსული გაზის მიწოდებას გერმანიაში.

აშშ-ის სენატის ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაკისრებას არა მხოლოდ უშუალოდ ზღვის ფსკერზე გაზსადენის მილების გაყვანაში მონაწილე გემების მფლობელი კომპანიების, არამედ იმ ფირმების მიმართაც, რომლებიც მათ იურიდიულ დახმარებას უწევენ.

„არსებობს ორპარტიული და ორპალატიანი კონსენსუსი, რომ რუსეთის გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კრიტიკულ საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს და მისი მშენებლობა არ უნდა დასრულდეს. მაგრამ პუტინი ცდილობს, რომ გვერდი აუაროს სანქციებს“, - ნათქვამია კრუზის განცხადებაში.

„კომპანიები, რომლებიც გაზსადენის მშენებლობაში მონაწილე გემებს ფლობენ, დაუყოვნებლად შეეჯახებიან დამანგრეველ სანქციებს“, - დასძინა აშშ-ის სენატორმა.

უფრო ადრე, გერმანიაში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ გრენელმა ისაუბრა აშშ-ის განზრახვაზე, ახალი სანქციების დაწესდეს იმ კომპანიებისა და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც დაკავშირებული არიან გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის (Nord Stream 2) მშენებლობასთან. ამის შესახებ დიპლომატმა 25 მაისს აღნიშნა გავლენიან საქმიან გაზეთ „ჰანდელსბლატთან“ (Handelsblatt) ინტერვიუში და დასძინა, რომ დასავლელი დამკვირვებლები თვალს ადევნებენ ზღვის ფსკერზე მილების გამყვანი გემების გადაადგილებას, რომლებსაც შეუძლიათ გაზსადენის მშენებლობის დასრულება.

სანქციების შიშით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა შეჩერდა. მაგრამ რუსეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაზსადენის მშენებლობა მაინც დასრულდება ან უკვე 2020, ან 2021 წელს.

„ბლუმბერგის“ თანახმად, გასაყვანი დარჩა გაზსადენის დაახლოებით 6%, 100 კილომეტრზე ნაკლები. მშენებლობაში ჩაებმება ხომალდი „აკადემიკოსი ჩერსკი“, რომელიც კონცერნ „გაზპრომის“ ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას ეკუთვნის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG