Accessibility links

დაკავებულია დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი


პოლიციამ დააკავა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ჭინჭარაული. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც 7-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, გიორგი ჭინჭარაულსა და ორ პირს შორის სოფელ გამარჯვებაში მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რომლის დროსაც საკრებულოს წევრმა ისინი ცივი იარაღით დაჭრა. გიორგი ჭინჭარაული საკრებულოს წევრია ამ სოფლიდან. დაჭრილი არიან ძმები, გვარად ჭინჭარაულები. დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, დაპირისპირება სამსახურებრივ ან პარტიულ საქმეს არ უკავშირდება: „არ მინდა, რომ ტყუილსა და ჭორებზე ვილაპარაკო. მოხდარზე სიმართლეს დაადგენს გამოძიება“.

დაჭრილ ძმებს ქირურგიული ოპერაცია დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გაუკეთეს, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

კახეთში მომხდარი ფაქტის შესახებ შსს-ს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულმა, 1982 წელს დაბადებულმა გ.ჭ.-მ „ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ჭ.-ს და 1994 წელს დაბადებულ მ.ჭ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა“.

შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG