Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსუფაშვილი ხაზარაძის შესახებ: ასე დასმულ კითხვაზე მგონი ჩათვალა თავსმოხვეულად თემა


„ლელო“-ს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „მთავარი არხი“-ს ეთერში განმარტა პარტიის თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადება ლგბტქ თემის უფლებების საკითხზე.

უსუფაშვილი პასუხობს წამყვანის შეკითხვას, რას ნიშნავს ხაზარაძის ფრაზა: „ვიღაცის უფლებები თუ ირღვევა, ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები უნდა შელახოს“.

პარლამენტის ყოფილი სპიკერის თქმით, „ეს არაფერს არ ნიშნავს, ეს არის ერთადერთი ფრაზა მამუკას მიერ ნათქვამი იმ ინტერვიუსა და ეთერში, რომლის თაობაზე მეც მქონდა საუბარი მამუკასთან და ბევრ სხვასაც, რომ ამ კონტექსტში ამ ფრაზის მოშველიება იყო არასწორი. ეს ესმის მამუკასაც.

მივიდა მამუკა ეთერში, ძალიან სერიოზულ, საქვეყნო პრობლემებზე სალაპარაკოდ: „კოვიდ“-იდან გამოვდივართ, აგერ სიღარიბეში შევდივართ, აგერ არჩევნები კარს მოგვადგა, უამრავი სხვა თემა გვაქვს. რატომღაც ჟურნალისტმა ჩათვალა, რომ ეს თემა არის აქტუალური - ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხზე რა პოზიცია აქვს მამუკას. პირდაპირ ეთერში ასე დასმულ კითხვაზე მემგონი მან [მამუკა ხაზარაძემ] ჩათვალა თავსმოხვეულად თემა და ახლა „თავსმოხვეული“ სხვა კონტექსტში იხმარა. ნახევრად ვხუმრობ, მაგრამ ასე იყო ეს ამბავი.

„ლელო“-ში ამ თემაზე გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია: უმცირესობა კანონის ფარგლებში საკუთარი ინტერესების დასაცავად თუ მოქმედებს, შეუძლებელია ეს ჩავთვალოთ, ვინმეზე თავსმოხვევად“.

მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია და რომ ბავშვი დედამ და მამამ, ოჯახმა უნდა გაზარდოს. ამასთან, ხაზარაძემ აღნიშნა: „ჩვენს ქვეყანაში უმცირესობის უფლებები არის ძალიან კარგად დაცული. ის თუ რაღაც გადახრები ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ კანონი არ სრულდება. ვიღაცის უფლებები თუ ირღვევა, ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები უნდა შელახოს. მე ვფიქრობ, რომ ეს კანონით დარეგულირებულია, კონსტიტუციაში კარგად არის გაწერილი“.

შეკითხვაზე, არ ირღვევა უმცირესობების უფლებები? ხაზარაძემ უპასუხა: „ირღვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავისი ასე ვთქვათ რაღაც“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG