Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანის თქმით, ის დღეიდან წყვეტს სამხრეთ კორეასთან სატელეფონო „ცხელი ხაზის“ მუშაობას


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩონ ინი
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩონ ინი

დღეიდან ჩრდილოეთი კორეა წყვეტს სამხრეთ კორეასთან სატელეფონო „ცხელი ხაზის“ მუშაობას. ეს იქნება „სეულთან კავშირის ყველა საშუალების გაუქმებისკენ მიმართული პირველი ნაბიჯი“, ნათქვამია კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განცხადებაში.

ფხენიანმა განაცხადა, რომ სამშაბათს ჩრდილოეთი კორეა ორ კორეას შორის კავშირის ოფისში თიშავს საკომუნიკაციო ხაზებს, ასევე ორი ქვეყნის მთავრობებსა და სამხედროებს შორის მოქმედ საკომუნიკაციო ხაზებს.

„სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან აღარაფერი გვაქვს განსახილველი მოლაპარაკებების მაგიდასთან. კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ გასცა მითითება, სრულად გაითიშოს ყველა კომუნიკაცია ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, რათა მოღალატეებმა და გამყიდველებმა პასუხი აგონ თავიანთი დანაშაულებებისთვის“, - ნათქვამია სააგენტოს შეტყობინებაში.

ამ ნაბიჯის საბაბი გახდა სამხრეთკორეელი აქტივისტების მიერ ჩრდილოეთ კორეაში სააგიტაციო პროკლამაციების გაგზავნა. გასულ კვირაში ფხენიანი დაიმუქრა, რომ შეაჩერებს სეულთან კონტაქტებს და ერთობლივ პროექტებს, თუკი არ შეწყდება აგიტაცია. ამის შემდეგ სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ აქტივისტებს მოსთხოვა, შეწყვიტონ ჩრდილოეთ კორეაში სააგიტაციო პროკლამაციების გაგზავნა.

ორშაბათს ღამით სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ შეწყვიტა სეულის სატელეფონო ზარებზე პასუხი. დაკავშირება ვერ მოხერხდა ვერც სარეზერვო ხაზებით, რომლებიც ორ ქვეყანას შორის სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილებისთვისაა განკუთვნილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG