Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სირცხვილიამ" თბილისის მერს სთხოვა, 20 ივნისს 15 საათიდან გადაკეთოს რუსთაველის გამზირი


მოძრაობა „სირცხვილიამ“ თბილისის მერიას წერილობით აცნობა, რომ 20 მაისს დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ მასობრივი შეკრების, აქცია-მანიფესტაციის გამართვა იგეგმება.

მერიაში შეტანილ განცხადებაში „სირცხვილია“ აღნიშნავს, რომ შეკრების სრულფასოვნად და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩასატარებლად საჭირო გახდება საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა 20 ივნისის 15 საათიდან.

„სირცხვილიას“ თანახმად, აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათი ორგანიზატორებს ტერიტორიის მოსაწყობად დასჭირდებათ, რათა უზრუნველყონ უსაფრთხოების ნორმები, გააკეთონ დისტანციისთვის საჭირო ნიშნულები, ტერიტორიაზე განათავსონ აუცილებელი ინვენტარი და სათანადოდ გამართონ ხმის სისტემა.

„იმ შემთხვევაში თუ მერიის სამსახური თავად არ უზრუნველყოფს გზის გადაკეტვას, აქციის მონაწილეები დისტანციის დაცვით შეიკრიბებიან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, რაც, ხალხის მატებასთან ერთად, ყველა შემთხვევაში გამოიწვევს გზის გადაკეტვას“, - აღნიშნულია მოძრაობა „სირცხვილიას“ განცხადებაში, რომლის ადრესატი თბილისის მერი კახა კალაძეა.

განცხადებაში აქციის ორგანიზატორები სთხოვენ მერიას, გაითვალისწინოს საზოგადოების ინტერესი და ხელი შეუწყოს მოქალაქეების უფლებების - შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციას.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ 20 ივნისს 19 საათზეა დანიშნული.

აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ოკუპაციის კანონის დამრღვევ კომუნისტ გავრილოვს საქართველოს პარლამენტის სკამი დაუთმო და სამაგალითოდ დასაჯა ადამიანები, რომლებმაც ეს ფაქტი გააპროტესტეს. „სირცხვილიას“ ფეისბუკის გვერდზე აღნიშნულია ისიც, რომ ამ დრომდე ხელისუფლებას ძალის გადამეტების არც ერთი ფაქტი არ გამოუძიებია და არ დაუსჯია არც ერთი სამართალდამცავი, რომლებმაც 20-21 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეებზე „დათვის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით ინადირეს“.

- მომხდარზე პასუხისმგებელი შს მინისტრი დაწინაურებულია პრემიერად;
- მოგონილი და შეთითხნილი „სახელმწიფოს გადატრიალების“ ბრალდებით ციხეში გამოკეტეს „გავრილოვის პატიმრები“ და პოლიტიკური ოპონენტები;
- დღემდე, ორის გარდა, არცერთ დაშავებულს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი;
- ზუსტად ერთი წელი გავიდა და ჯერ კიდევ არ მიგვიღია დაპირებული პროპორციული არჩევნები, არც სრულად და არც მიახლოებული მოდელით (120/30), სისტემა“, - აღნიშნავენ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორები.

ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომლებიც აქციაზე მისვლას აპირებენ, დაიცვან პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის დაცვისთვის გათვალისწინებული ყველა რეკომენდაცია.

2019 წლის 20-21 ივნისის აქციის მონაწილეები იმ ფაქტს აპროტესტებდნენ, რომ თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა მისმა თავმჯდომარემ, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა გახსნა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან.

სპეცრაზმელების მიერ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად, 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

XS
SM
MD
LG