Accessibility links

აშშ-ში შეწყვიტეს პოლიციელებზე გადაღებული სერიალის ჩვენება


საპროტესტო აქცია ვაშინგტონში. 2020 წლის 30 მაისი

ამერიკულმა საკაბელო ტელეარხმა Paramount Network-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ წყვეტს ტელესერიალ „COPS“-ის (პოლიციელები) ჩვენებას და ახალი სერიების გადაღებას.

გადაწყვეტილება უკავშირდება პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ მიმართულ მასობრივ პროტესტს, რომელიც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ დაიწყო.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ჟურნალი Variety სერიალის ჩვენების შეწყვეტის შესახებ ჯერ კიდევ ოთხი დღის წინ იუწყებოდა, თუმცა ტელეარხმა ინფორმაცია ოფიციალურად მხოლოდ 9 ივნისს დაადასტურა.

აშშ-ში ამ სერიალს 1989 წლიდან უჩვენებდნენ. ყოველი 30-წუთიანი ეპიზოდი ეხებოდა რეალურ შემთხვევას პოლიციელთა პრაქტიკიდან. სერიალში მონაწილეობდნენ მოქმედი პოლიციელები, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულს იძიებდნენ. ბოლო ხანს სერიალის ავტორებს ხშირად აკრიტიკებდნენ პოლიციის საქმიანობის მხოლოდ დადებითი კუთხით გაშუქების გამო.

აშშ-ში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს. პოლიციელების მიერ ქალაქ მინეაპოლისში დაკავებული, ყალბი ფულის გამოყენებაში ეჭვმიტანილი ფლოიდი 25 მაისს გარდაიცვალა.

გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, მიწაზე დაგდებულ ჯორჯ ფლოიდს პოლიციელი დაახლოებით 9 წუთის განმავლობაში კისერზე მუხლს აჭერს, მაშინაც კი, როცა ფლოიდი ეუბნება, რომ ვეღარ სუნთქავს. ოჯახის მიერ მიწვეულმა ექსპერტმა დაასკვნა, რომ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის მიზეზი ასფიქსიაა.

მკვლელობაში ბრალდებულ, დღეს უკვე ყოფილ პოლიციელს 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალი წაუყენეს კიდევ სამ ყოფილ პოლიციელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG