Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიუსტონში გამართულ დაკრძალვის ცერემონიაზე ჯორჯ ფლოიდს "მოძრაობის ქვაკუთხედი" უწოდეს


9 ივნისს აშშ-ში დაკრძალეს ჯორჯ ფლოიდი, აფრიკელ-ამერიკელი კაცი, რომლის პოლიციელთა ხელში სიკვდილმა მთელ მსოფლიოში გამოიწვია საპროტესტო აქციები რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ. დაკრძალვის ცერემონიაზე მას უწოდეს კაცი, რომელიც ბედმა "მოძრაობის ქვაკუთხედად" გადააქცია.

ცერემონია ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა ჰიუსტონში. ფლოიდის ოჯახის წევრებმა, სასულიერო პირებმა და პოლიტიკოსებმა ამერიკელებს მოუწოდეს, ფლოიდის სიკვდილით აღძრული სევდა და სიბრაზე ერისთვის მძიმე წარსულისთვის თვალის გასწორების მომენტად აქციონ.

დაკრძალვას წინ უძღოდა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციები, რომლებსაც ბიძგი მისცა გამვლელის მიერ გადაღებულმა, ფლოიდის პოლიციის მიერ დაკავების ვიდეომ. ფლოიდს მინეაპოლისის პოლიციამ ხელბორკილები დაადო და ერთ-ერთმა პოლიციელმა კისერზე მუხლი დააჭირა. 46 წლის ფლოიდი ამბობს, რომ ვეღარ სუნთქავს, მას ბოლო მომენტში აღმოხდება "დედა" და შემდეგ ჩუმდება.

ფლოიდი დედის გვერდით დაასაფლავეს, ჰიუსტონის შემოგარენში. მისი დაკრძალვის ცერემონიაზე სასულიერო პირმა და სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის აქტივისტმა, ელ შარპტონმა, მას უწოდა "რიგითი ძმა", რომელმაც დიდი მემკვიდრეობა დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლეში შეცდომები ჰქონდა დაშვებული. "ღმერთმა აიღო უარყოფილი ქვა და ის გადააქცია ქვაკუთხედად მოძრაობისა, რომელიც მთელ მსოფლიოს შეცვლის", - თქვა შარპტონმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG