Accessibility links

ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის პანდემია "ყველაზე ცუდი კოშმარია"


ენტონი ფაუჩი

აშშ-ის წამყვანმა ინფექციონისტმა კორონავირუსის პანდემიას უწოდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მსოფლიოს ისტორიაში და კვლავ გამოვიდა გაფრთხილებით, რომ პანდემია არ დასრულებულა.

დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ ეს შეფასება გააკეთა 9 ივნისს, იმ ფონზე, როცა მსოფლიოს გარშემო კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 411,000-ს გადააჭარბა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 7,2 მილიონს მიაღწია.

COVID-19, რესპირატორული დაავადება, რომელსაც კორონავირუსი იწვევს, გავრცელების და სიკვდილიანობის იმგვარი მაჩვენებლით ხასიათდება, რომ ის "ჩემს ყველაზე ცუდ კოშმარად იქცაო", თქვა ფაუჩიმ. მისი თქმით, მან იცოდა, რომ ამჟამინდელი პანდემიის მსგავსი მოვლენა მოსალოდნელი იყო, მაგრამ ვირუსის გავრცელების სისწრაფემ გაკვირვებული დატოვა. "ამას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდა", - თქვა ფაუჩიმ, მაშინ, როცა ადვილი გადადების უნარის მქონე დაავადებებს მსოფლიოს გარშემო გავრცელებისთვის ხშირად ექვსი თვიდან წელიწადამდე სჭირდება.

ფაუჩი, რომელმაც ინტერნეტით გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა, გამოთქვამს რწმენას, რომ ვაქცინა შემუშავდება.

უფრო ადრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ ლათინურ ამერიკაში ინფიცირების ახალი შემთხვევები ძალიან სწრაფად იმატებს. ლათინური ამერიკის გარდა, ვირუსი მძვინვარებს აფრიკაში და აზიის გარკვეულ ნაწილებში. აშშ-ში - კორონავირუსით ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანაში - ეპიდემიამ თითქოს პლატოს მიაღწია, თუმცა ლოკალურად კვლავ არის გავრცელების შემთხვევები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG